„ამერიკა კეთილდღეობისაკენ მიმავალი ახალი საუკუნის გზას ადგას და გვსურს ეს თქვენთან ერთად გავაკეთოთ, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უძველეს მეგობრებთან ერთად", - განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, ევროპასთან ერთად მოქმედება „ხელს შეუწყობს გონივრული საგარეო პოლიტიკის აღდგენას“.
რუბიოს გამოსვლას წინ დიდი მოლოდინი უძღოდა, განსაკუთრებით, ტრანსატლანტიკურ ალიანსში ერთობის მხრივ არსებული სირთულეების ფონზე და ასევე, გასულ წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიერ ევროპელი ლიდერების კრიტიკის გათვალისწინებით.
ტრანსატლანტიკური „განქორწინების“ შესაძლო პერსპექტივაზე საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ „ეს არც ჩვენი მიზანია და არც ჩვენი სურვილიო“.
„ჩვენ არ გვინდა ძველი წესრიგის გლობალური ინსტიტუტების დაშლა, რომლებიც ერთად ავაშენეთ, მაგრამ ამ ინსტიტუტებს რეფორმირება სჭირდება“, - განაცხადა რუბიომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ტრამპის მმართველობის დროს აშშ-ს სურს მსოფლიოს „აღდგენას“ ხელმძღვანელობდეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა შეაქო და განაცხადა, „ჩვენ, ამერიკელები... ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებითო“.
უკრაინაში ომთან დაკავშირებით მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ომის დასრულების საკითხები შევიწროვდა, მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, დარჩენილია ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტა.
14 თებერვალს, კონფერენციის ფარგლებში, რუბიო, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
აშშ-ის დელეგაცია, რომელიც რუბიოს ხელმძღვანელობით ჩავიდა მიუნხენის უსაფრთების კონფერენციაზე, ისტორიაში ყველაზე დიდი დელეგაციაა, რომელიც აშშ-ის სენატის წევრთა მეოთხედზე მეტს მოიცავს.
სამდღიან ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც ასობით გავლენიანი ევროპელი ლიდერი, კანონმდებელი, სამხედრო პირი, აკადემიკოსი და სხვა სტუმარია წარმოდგენილი, კონგრესის 50-ზე მეტი წევრი და სხვა ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი იმყოფება, მათ შორის ცნობილი დემოკრატები.
კონფერენციაზე მიწვეული არიან ასევე მსოფლიოს ასი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, სულ ათასამდე სტუმარი 120 ქვეყნიდან.
კონფერენცია მსოფლიო არეულობის ფონზე ტარდება, მათ შორის ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების შესაძლებლობისა და უკრაინაში რუსეთის ომის მეოთხე წლისთავის მოახლოების ფონზე.
საქართველოდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
მიწვეულ სტუმრებს შორის არიან პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და "საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის" დამფუძნებელი, 2008-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშლაშვილი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.
ფორუმი