რომელ ავტომობილებს არ შეეხება აკრძალვა? - გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს

საილუსტრაციო ფოტო: ავტომობილები ბათუმში. 2024 წლის ზაფხული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ არ შეეხება რამდენიმე კატეგორიის ავტომობილს:
  • ელექტრომობილებს;
  • საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს;
  • იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1 აპრილამდე;
  • და რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.


დამატებით გავრცელებულ განმარტებაში გარემოს დაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ აკრძალვა არც ავტომობილების იმპორტზე გავრცელდება - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას.

აკრძალვა არ ეხება:

  • რეექსპორტს,
  • ტრანზიტსა
  • ექსპორტს.

რომელი ავტომობილები ეკუთვნის M1 კატეგორიას?

ეს არის არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის.

საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

ასევე, ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გამონაკლისი არ ვრცელდება.

12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა.

ამის მიზეზად კი საქართველოში ავტომობილების ჭარბი რაოდენობა მოიყვანა და თქვა: "თუკი 2012 წელს 864 000 ავტომობილი იყო, ეს რიცხვი 2026 წლის მონაცემებით, 2 მილიონს აჭარბებსო".

მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ კანონპროექტი უკვე წარდგენილია საკანონმდებლო ორგანოში.

ასევე ნახეთ მძღოლების არჩევანი 1 აპრილიდან - როცა 6 წელზე ძველი ავტომობილები აღარ შემოვა