ახალაია პატიმრობაში დატოვეს - რას ამბობს ექსპერტიზა „ბურჭულაძე-ახალაიას ზარზე“

ბაჩო ახალაია „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზებას ედავებიან.

საქმეზე გამოძიება დასრულდა და დღეს, 16 თებერვალს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა - კვლავ დახურულ კარს მიღმა.

ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა და ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადეს, რომ თვეების წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ თითქოსდა პაატა ბურჭულაძესა და ბაჩო ახალაიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი „ყალბია“.

რას ამბობს ექსპერტიზა?

სხდომის დაწყებამდე ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „საქმეში დევს თავიანთი [ბრალდების მხარის - რ.თ.] ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერი არის ყალბი“.

„ოფიციალურად დასკვნა არის გაცემული საქმეში, რომ თავად მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით არაფერი დასტურდება. ის, რომ ყალბი და დამონტაჟებული იყო, საზოგადოებამ ისედაც იცოდა, უბრალოდ ეს თავადაც დაადგინეს და მეტი არაფერი“, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

როდესაც ჟურნალისტებმა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილს დაუსვეს ამ საკითხზე შეკითხვა, მან პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და განაცხადა:

„სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება, მტკიცებულებების შინაარსზე ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში, ვერ გააკეთებს განმარტებას“.

ასევე ნახეთ "ბგერაც არ არის ჩემი" - ბაჩო ახალაია და მისი ცოლი ერთ დღეს საგამოძიებო უწყებებში

ტელეკომპანია „პირველი“ იუწყება, რომ მოიპოვა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია:

  1. „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ჩანაწერში „faruli axalaia burchuladze.mp4“ არსებული პიროვნებების ხმა ავთენტურია.
  2. ჩანაწერი „faruli axalaia burchuladze.mp4“ ექსპერტიზაზე წარმოდგენილია მონტაჟის ნიშნებით, რის გამოც ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია“.

ტელეკომპანიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის დოკუმენტის ეს ძირითადი ნაწილიც გაასაჯაროვა. დოკუმენტს ხელს აწერენ დავით გრატიაშვილი და ზურაბ ოქროპირიძე.

წყარო: "ტვ პირველი"

ჩანაწერი „იმედზე“ გამოქვეყნდა 4 ოქტომბერს. „მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ „მითების დეტექტორმა“ მალევე განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და 75%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

„ამიტომ ხურავენ სხდომას“ - ნადარეიშვილი

„ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ჩანაწერის საფუძველზე არ დაუკავებიათ ბაჩო“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

„მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს“, - აღნიშნა მან.

„საერთოდ მოწმეც არ ჰყავთ და აქედან გამომდინარე ხურავენ ზუსტად სასამართლო პროცესებს, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე“, - თქვა ბაჩო ახალაიას მეუღლემ.

ანი ნადარეიშვილი

რა არის დახურვის მოტივაცია - პროკურორი

პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ სხდომის დახურვის მოტივაცია შემდეგია:

„მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია იმგვარი მტკიცებულებები, ასევე, მონაწილე პირები გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები“.

ჟურნალისტების კითხვაზე, მსგავსი ვითარება სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც არის, რატომ არ იხურება სხვა სხდომები, მან თქვა:

„ყველა საქმეზე ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ მტკიცებულებების და მოცემულობიდან გამომდინარე მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება“.

„ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული. სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ამდენად, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას“, - თქვა პროკურორმა.

ასევე ნახეთ „ახალაიასა და ბურჭულაძის საუბარი“ - რა ვიცით „იმედის“ გავრცელებულ ჩანაწერზე 

„სხვა ადამიანების საქმეებია“ - ნადარეიშვილი

ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ საქმეში - რომელიც, პროკურატურის თქმით, 46-ტომიანია, - ძირითადად დევს 4 ოქტომბრის საქმის მთელი მასალები, - იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ საქმეზე არიან დაკავებული. ასეთი 60 ადამიანზე მეტია.

მან გაიმეორა, რომ „ბაჩო ახალაიას ნაწილში საერთოდ არაფერი დევს“.

ადვოკატი ველიჯანაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას „არ უნდა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის და უნდათ, ასე ჩუმად ჩაატარონ სასამართლო“.

„მოწმე“ vs „ადვოკატი“

ანი ნადარეიშვილის თქმითვე, დღეს გაიგო, რომ თავისი მეუღლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში მოწმის სტატუსი მიანიჭეს. ნადარეიშვილი იურისტია და ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატიც თავადაა.

მისი თქმით, აქვს უფლება, თავისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ იყოს მოწმე და ამ უფლებით ისარგებლებს.

„ორი თვის განმავლობაში არცერთ წერილზე პასუხი არ მიმიღია პროკურატურისგან… ახლა, ამ წუთას გავიგე, რომ მოწმის სტატუსი მაქვს თურმე“, - უთხრა მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს.

„მოწმე ნამდვილად ვერ ვიქნები იმიტომ, რომ კანონით მაქვს უფლება, არ ვიყო მოწმე ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და მე ამით ვისარგებლებ“, - განაცხადა მან.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადვოკატთა ასოციაცია და ჩემი კოლეგებიც დამიდგებიან გვერდში და ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ადვოკატი“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა კი თქვა, რომ ნადარეიშვილს ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მოწმის სტატუსი აქვს და [ის, რომ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს] მისი გადაწყვეტილება იქნება“.

თუმცა იქვე განაცხადა, რომ ნადარეიშვილი ახალაიას ადვოკატი „ვერ იქნება“: „მოწმე ვერ იქნება ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეზე“, - თქვა მან.


  • 4 ოქტომბრის „ორგანიზების“ ბრალდებით 4 ოქტომბერსვე დააპატიმრეს პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
  • 25 დეკემბერს ამავე საქმეზე დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც დახურულ სხდომაზე ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
  • სუსმა განაცხადა, რომ ის „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო“.
ასევე ნახეთ ომბუდსმენმა დაიწყო ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა