უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა რაკეტებმა კურსი აიღეს სუმის, პოლტავის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებისკენ.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ დილით განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციულ ზომებს მიმართა, სიტუაციის გასაკონტროლებლად ავიაციის გამოყენება დაიწყო და მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები.
უკრაინაზე სარაკეტო შეტევის დაწყებას წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები. რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესის ოლქი იყო.
ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ინფორმაციით, ოდესაში სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი მრავალბინიანი სახლის ზედა სართულებზე, დაზიანებულია სამოქალაქო დანიშნულების შენობები და ინფრასტრუქტურის ობიექტი. ლისაკს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
ამ ზამთარს რუსეთის ჯარების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგოობიექტებია.
განახლება: ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული, განახლებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე ნახეთ ჟენევაში იწყება უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდიუკრაინული დრონებით მორიგი მასირებული შეტევის შესახებ იუწყება რუსეთი. თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს და გზად დაიჭირეს“ 151 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან ყველაზე მეტი, 50 - შავი ზღვის თავზე.
ჩამონათვალშია ანექსირებული ყირიმიც, კრასნოდარის მხარე, კალუგის, ბრიანსკის და კურსკის ოლქები და აზოვის ზღვის აკვატორია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონებით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ქარხანა მანამდეც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე. დღევანდელი შეტევა უკრაინას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.