- სამმხრივი მოლაპარაკების წინა ორი რაუნდი იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.
- საჯაროდ ცნობილი ერთადერთი კონკრეტული შედეგი იყო უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა.
მესამე რაუნდისთვის შეიცვალა არა მხოლოდ მოლაპარაკების ადგილი, არამედ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელიც.
აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა. ჟენევაში მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. ის რუსეთის დელეგაციას 2025 წელს მეთაურობდა უკრაინასთან სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგად მხარეები ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 16 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში მედინსკი არ მონაწილეობდა, რადგან იქ უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა. ჟენევის მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში რჩება გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი. დელეგაციის წევრებს შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.
- უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპის ქვეყნებმა რუსეთის სამოქალაქო ავიაციას საჰაერო სივრცე დაუკეტეს. თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის დელეგაცია მოსკოვიდან ჟენევაში გაემგზავრა, შვეიცარიაში ჩასასვლელად თავისი საჰაერო სივრცე ხმელთაშუა ზღვის მხრიდან დროებით გაუხსნა იტალიამ. ამას მოწმობს Flightradar24-ის მონაცემები.
უკრაინის დელეგაციას ისევ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. მან გასულ ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მოელიან უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციულ მუშაობას და საგნობრივ შეხვედრებს, ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მისი პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა, გენერალური შტაბის უფროსი ანდრი ჰნატოვი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.
ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელია პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი. უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
მოლაპარაკების ეს რაუნდი ჟენევაში 18 თებერვალს უნდა დასრულდეს.
- რუსეთი უკრაინაში ომის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ პირობად ასახელებს დონბასზე სრულ კონტროლს და შესაბამისად, უკრაინის ჯარების გაყვანას რეგიონის იმ რაიონებიდან, რომელთა ოკუპირება დღემდე ვერ შეძლო.
- უკრაინას არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს მოთხოვნა მიუღებელია.
- აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.
- 2026 წლის 24 თებერვალს ოთხი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
ფორუმი