ჟენევაში დასრულდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი

უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის მოლაპარაკება 17-18 თებერვალს მიმდინარეობდა ჟენევის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში"

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკების მორიგი, ორდღიანი რაუნდი.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ინტენსიური და საგნობრივი“ მუშაობა იყო.

რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, დელეგაციების შიგნით მუშაობდნენ „პოლიტიკური და სამხედრო ბლოკები“, რომლებიც განიხილავდნენ უსაფრთხოების პარამეტრებს და შესაძლო გადაწყვეტილებების რეალიზაციის მექანიზმებს. უმეროვის თანახმად, საკითხების ნაწილის დაზუსტება მოხერხდა, ნაწილზე კი გრძელდება დამატებით შეთანხმება.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წინსვლა არის, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ილაპარაკებენ. უმეროვის თანახმად, შემდეგი ეტაპი იქნება შეთანხმების საჭირო დონის მიღწევა, რათა გადაწყვეტილებები განსახილველად პრეზიდენტებს წარუდგინონ.

უმეროვმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობაა.

ასევე ნახეთ უკრაინელები არ გვაპატიებენ, თუ შეთანხმებაში იქნება რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა - ზელენსკი Axios-ს

ჟენევაში შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ მოკლე კომენტარი მისცა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების წარმომადგენლებს და მოლაპარაკებებს „რთული, მაგრამ საქმიანი“ უწოდა.

მედინსკის ინფორმაციით, გუშინ, 17 თებერვალს მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმატით, დღეს, 18 თებერვალს კი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. პუტინის თანაშემწის თანახმად, მომდევნო შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება.

  • მედინსკიმ რუსეთის დელეგაციას უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც იანვრის ბოლოდან მიმდინარეობს, პირველად სწორედ ჟენევაში უხელმძღვანელა.
  • წინა ორ რაუნდზე, რომლებიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩატარდა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი.
  • კრემლში განაცხადეს, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში მედინსკი არ მონაწილეობდა, რადგან იქ უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა.
  • ვლადიმირ მედინსკი ცნობილია თავისი მსჯელობით უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ ფესვებზე”.

ჟენევაში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო მიმართულებით მოლაპარაკებებში სამივე მხარე კონსტრუქციული იყო, პოლიტიკურ საკითხებზე კი პოზიციები ჯერ ისევ განსხვავებულია.

ზელენსკის თქმით, სამხედრო საკითხების მიმართულებით, პრინციპში, ყველაფერი შეთანხმებულია, რადგან სამხედროებმა იციან, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის და ომის შეწყვეტის მონიტორინგი, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი ამერიკული მხარის მონაწილეობით იქნება.

  • უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.
  • უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, თუმცა გაურკვეველია, ვისი სუვერენიტეტი უნდა გავრცელდეს ამ ზონაზე.