- გამოცემის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა 17 თებერვალს, როცა ჟენევაში დაიწყო უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. ის დღეს, 18 თებერვალს უნდა დასრულდეს.
- უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.
- უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, თუმცა გაურკვეველია, ვისი სუვერენიტეტი უნდა გავრცელდეს ამ ზონაზე.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო დოკუმენტი უკრაინაში რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ, მაგრამ თუ ამ შეთანხმებაში იქნება რუსეთისთვის ტერიტორიის გადაცემა, უკრაინელები ამას მხარს არ დაუჭერენ და ემოციურად არასდროს აპატიებენ.
ზელენსკის თქმით, უკრაინელებისთვის გაუგებარია, რატომ აიძულებენ თავისი მიწის დათმობას. უკრაინის წინადადებაა, რომ საბრძოლო მოქმედებების მხარეები დარჩნენ დღეს არსებულ შეხების ხაზზე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, დაავალა დააყენონ ჟენევაში მისი და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის ორგანიზების საკითხი.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული უთანხმოების დაძლევა მხოლოდ პირადი შეხვედრითაა შესაძლებელი.
- ზელენსკიმ პუტინს პირისპირ შეხვედრა ადრეც არაერთხელ შესთავაზა. კრემლში განაცხადეს, რომ მსგავსი მოლაპარაკება მხოლოდ მოსკოვში უნდა გაიმართოს. კიევისთვის ეს მიუღებელია.
Axios-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა არასამართლიანი უწოდა იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კომპრომისებისკენ მუდმივად უკრაინას მოუწოდებს და არა რუსეთს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ დონალდ ტრამპის ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართული, არწმუნებდნენ, რომ რუსეთს ომის დასრულება მართლაც სურს. თავად ზელენსკის ამ საკითხისადმი პესიმისტური დამოკიდებულება აქვს.
- უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის მოლაპარაკებების წინა ორი რაუნდი იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.
- საჯაროდ ცნობილი ერთადერთი კონკრეტული შედეგი იყო უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა.
მესამე რაუნდისთვის შეიცვალა არა მხოლოდ მოლაპარაკების ადგილი, არამედ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელიც.
აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა. ჟენევაში მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელად კი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი დაინიშნა. კრემლში განაცხადეს, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში მედინსკი არ მონაწილეობდა, რადგან იქ უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა.
- მედინსკი ცნობილია თავისი მსჯელობით უკრაინასთან კონფლიქტის „ისტორიულ ფესვებზე”.
გამოცემა Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა ჟენევაში უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების პირველი დღის ბოლოს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლიტიკურ ჯგუფში განხილვის პროცესი შეფერხდა მედინსკის მიერ წარმოდგენილი პოზიციების გამო.
სააგენტო AFP რუსეთის დელეგაციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკება ძალიან დაძაბული იყო.
ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ჟენევაში მოლაპარაკების პირველი დღის ბოლოს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის და რუსეთის დელეგაციები დასთანხმდნენ თავიანთი ლიდერების ინფორმირებას და მუშაობის გაგრძელებას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
„პრეზიდენ ტრამპის წარმატებას კონფლიქტის მხარეთა დასაახლოებლად მოჰყვა მნიშვნელოვანი პროგრესი და ვამაყობთ, რომ მისი ხელმძღვანელობით ვმუშაობთ ამ საშინელ კონფლიქტში მკვლელობების შესაწყვეტად“, - წერს უიტკოფი.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდის პირველი დღის ბოლოს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში ცალკე შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და შვეიცარიის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრაში ამერიკელებიც მონაწილეობდნენ. უმეროვის ინფორმაციით, ევროპელ პარტნიორებთან განიხილეს პირველი დღის შედეგები და შემდგომი ნაბიჯების სინქრონიზაცია.
ფორუმი