„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებულთა პროცესის პარალელურად, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ მორიგი მასობრივი დაპირისპირების შედეგად 15 ადამიანია დაკავებული.
დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა მიაწოდა.
უწყებაში ჯერ არ აზუსტებენ, რომელი კანონის რომელი მუხლების დარღვევას ედავებიან მათ.
- ოთხშაბათს, 18 თებერვალს, იყო ბიზნესმენი ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის მორიგი სასამართლო სხდომა. მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად.
- ჯოხაძესა და მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წაუყენეს - ოთხი თვით ადრე მანამ, სანამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დაადანაშაულებდნენ ამავე საქმეში. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. გიორგი მიქაძე „წინასწარ პატიმრობაშია“.
- 18 თებერვალსვე მიქაძეებსა და ოთარ ფარცხალაძეს დამატებითი ბრალდება წაუყენეს - „ქოლცენტრების სქემასთან“ დაკავშირებით;
- დააკავეს „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, რომელსაც ამავე სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
ჯანგველაძის საქმის განხილვისას უკვე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, - მათ შორის გუშინ, 17 თებერვალს, სასამართლოს შენობასთან.
დაპირისპირება დღესაც მოხდა იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
დაზიანდა, სულ მცირე, ორი ავტომობილი.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთი მხრივ, ჯანგველაძის ოჯახის, მეორე მხრივ, მიქაძეების მხარდამჭერები.
ასევე ნახეთ მიქაძეების საქმის განხილვისას სასამართლოსთან ისევ იყო დაპირისპირება - ამჯერად დაკავებებით | ჯანგველაძის საქმე