პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში უმასპინძლებს „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომას

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას 2026 წლის 22 იანვარს დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა

დღეს, 19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სხდომა. ტრამპი ამ საბჭოს თავმჯდომარეა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქვეყანა. ვაშინგტონში 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ლივიტს კონკრეტული ქვეყნები არ ჩამოუთვლია.

  • აშშ-ის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ ეტაპზე განიხილავდა ორგანოდ, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას.
  • საბჭოს წესდებით, რომელსაც 2026 წლის იანვარში დავოსში მოაწერეს ხელი 20-მდე ქვეყნის ლიდერებმა, „მშვიდობის საბჭო" განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტი ტრამპი გამოაცხადებს საბჭოს წევრი ქვეყნების ვალდებულებას ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გაიღონ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის და სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალებისთვის მიავლინონ ათასობით წარმომადგენელი.

ასევე ნახეთ ევროკავშირის კომისია ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია ათეულობით ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, რუსეთი და ბელარუსიც. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მიწვევა მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

„მშვიდობის საბჭოში“ მუშაობაზე უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა.

ტრამპის ინიციატივისადმი კრიტიკულად განწყობილთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად უკვე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია - გაერო.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა გააუქმა "მშვიდობის საბჭოში" კანადის პრემიერ-მინისტრის მოწვევა
ასევე ნახეთ პუტინი: შეგვიძლია "მშვიდობის საბჭოს" 1 მილიარდი გადავუხადოთ რუსეთის გაყინული აქტივებიდან