Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მოსაწვევები გაგზავნა "მშვიდობის საბჭოს" სხდომისთვის

აშშ-მა მოსაწვევები გაგზავნა "მშვიდობის საბჭოს" სხდომისთვის, 2026 წლის 8 თებერვალი
აშშ-მა მოსაწვევები გაგზავნა "მშვიდობის საბჭოს" სხდომისთვის, 2026 წლის 8 თებერვალი

19 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება იმ სახელმწიფოთა ლიდერების პირველი სხდომა, რომლებიც დათანხმდნენ მიწვევას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ "მშვიდობის საბჭოში" - ამ ცნობას აშშ-ის მედია ავრცელებს. 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა მოსაწვევები გაუგზავნა ლიდერებს, რომლებიც უკვე გახდნენ ამ საბჭოს წევრები, ან კვლავაც განიხილავენ გაწევრიანების გადაწყვეტილებას.

გავრცელებული მოლოდინით, სხდომა გაიმართება ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის შტაბ-ბინაში - ორგანიზაციის, რომლის სახელსაც დონალდ ტრამპის სახელი დაუმატეს. მედიის თანახმად, პირველ სხდომაზე განიხლავენ ღაზის სექტორის აღდგენის საკითხებს.

პირველ ეტაპზე "მშვიდობის საბჭო" ტრამპის მიერ განიხილებოდა ორგანოდ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ღაზის სექტორის მართვას და აღდგენას, ისრაელსა და პალესტინელთა დაჯგუფებებს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. თუმცა "მშვიდობის საბჭოს" წესდება, რომელსაც იანვარში დავოსში 20-მდე ლიდერმა მოაწერა ხელი, ითვალისწინებს უფრო ფართო მანდატს, ტრამპის თავმჯდომარეობით და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც მიემართება კონფლიქტების გადაწყვეტას. ტრამპის კრიტიკოსები შიშობენ, რომ მას სურს მასზე დაქვემდებარებული უწყებით გაეროს ორგანოები ჩაანაცვლოს.

"მშვიდობის საბჭოში" მონაწილეობას დათანხმდნენ არგენტინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, უნგრეთის, ინდონეზიის, ყაზახეთის, პაკისტანის, კატარის, საუდის არაბეთის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ისრაელის ლიდერები. მოწვევა მიიღო ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამაც. რიგი ქვეყნები - მათ შორის რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ინდოეთი და ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობა - ჯერაც არ ჩამოყალიბებულა საბჭოში მონაწილეობის თაობაზე. ზოგიერთმა სახელმწიფომ - მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ - ამაზე პირდაპირ განაცხადეს უარი.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბევრი სახელმწიფო არ უარყოფს საკუთრივ "მშვიდობის საბჭოს" იდეას, თუმცა მათ არ სურთ გაეროსთვის კონკურენციის შექმნა, და ასევე არ ეთანხმებიან წესდების რამდენიმე პუნქტს, რომლებიც ტრამპს, როგორც საბჭოს ხელმძღვანელს, დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG