*შენიშვნა: სხდომა მიმდინარეობს. სტატია სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებისა და პროკურორების შეფასებებით განახლდება.
ოთარ ხაბურძანია შსს-ს ექსპერტ-ტრასოლოგია. მან უპასუხა ექსპერტებისთვის პროკურატურის მიერ დასმულ კითხვას - საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ღობის ხუთ ცალ რკინის ორნამენტულ სექციას აღენიშნებოდა თუ არა ჭრის კვალი?
ექსპერტიზის დასკვნაში წერია:
„ლითონის ღობის ხუთი ცალი ორნამენტული სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ: განცალკევებული შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან. ასევე ლითონის ღობის სექციები დეფორმირებულია. აღნიშნული განცალკევება წარმოქმნილია ტეხის შედეგად, რაზედაც მოწმობს განცალკევებული კიდეების ზედაპირის ხორკლიანობა და არათანაბარი განლაგება. ლითონის ღობის ხუთი ცალი ორნამენტული სექციის დეფორმაცია და განცალკევება დამაგრების ადგილებიდან წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად [მაგალითად, მიწოლით].
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის 5 ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციას ჭრის კვალი არ აღენიშნება“.
ეს ფოტო პროკურატურის მტკიცებულებაა და საქმეში დევს. გადაღებულია 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ოთარ ხაბურძანიამ იგივე გაიმეორა დღეს, 19 თებერვალს, სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც და ჭრის კვალი კიდევ ერთხელ გამორიცხა.
ვაჟა თოდუა, პროკურორი: როგორ დაადგინეთ, რომ ჭრის კვალი არ არის?
ოთარ ხაბურძანია, ექსპერტი: ერთ სიმაღლეზე, თანაბარი განლაგება აქვს ჭრას და როცა შედუღება აქვს, არათანაბარი განლაგება აქვს და ხაოიანია.
ვაჟა თოდუა, პროკურორი: ჩვენ კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის ჭრის კვალი?
ოთარ ხაბურძანია, ექსპერტი: დიახ.
დაცვის მხარემ მოწმის მიერ ჩატარებული კვლევის სრულყოფილება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. მათ დაუშვეს, რომ სპეციალისტს ღობის ყველა გადაბმა, რომლებიც, წესით, შედუღებული უნდა ყოფილიყო, არ უკვლევია. მოწმემ თქვა, რომ ღობეები ვიზუალურად დაათვალიერა და რაიმე განსაკუთრებული კვლევის მეთოდი არ გამოუყენებია.
ირაკლი აბესაძე, ადვოკატი: რამდენ წერტილში იყო ღობე გატეხილი?
ოთარ ხაბურძანია, მოწმე: არ მახსოვს.
ადვოკატი: რამდენ წერტილში იყო შედუღებული?
მოწმე: ორ ადგილზე იყო შედუღებული.
ადვოკატი: ანუ ხუთ სექციას რამდენ ადგილას ჰქონდა შედუღებები?
მოწმე: ...
ადვოკატი: რამდენი შედუღების ადგილი შეისწავლეთ?
მოწმე: ასე კონკრეტულად არ მიწერია...
ადვოკატი: რამდენი ტეხვის ადგილი შეისწავლეთ, როცა კატეგორიულად გამორიცხავთ ჭრას?
მოწმე: ყველა.
ადვოკატი: ყველა რამდენია, მიპასუხეთ რამდენი?
პროკურატურამ ადვოკატის ეს ჩაკითხვა გააპროტესტა; მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაეთანხმა, რომ „მოწმემ თქვა, ყველა ტეხვის ადგილი შევამოწმე, მაგრამ რამდენი იყო არ მახსოვსო“.
ეს ფოტო პროკურატურის მტკიცებულებაა და საქმეში დევს. გადაღებულია 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ექსპერტს ამ საქმეზე სულ ორი გამოკვლევა აქვს ჩატარებული. პირველის მიზანი ღობის დაზიანებების კვლევა და საბოლოოდ ზარალის ოდენობის გამოთვლა იყო.
ასეთ ექსპერტიზას ტრასოლოგიურს უწოდებენ. დასკვნის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რკინის ღობე ხუთი სექციისგან შედგება. გამოკვლევის მიხედვით, სექციები განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან, დეფორმირებულია, ალაგ-ალაგ აღენიშნება ნაკაწრების და ნაჭდევების კვალი.
„აღნიშნული ნიშნები მოწმობს, რომ „ღობის სექციების დაზიანებები წარმოქმნილია როგორც ფიზიკური ძალით, ასევე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ექსპერტებმა დასკვნაში დაწერეს, რომ ღობის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ოდენობა 9 000 ლარია.
ეს ფოტო პროკურატურის მტკიცებულებაა და საქმეში დევს. გადაღებულია 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ იკითხა, რა მიაჩნია ექსპერტიზას მკვრივ საგნად?
„ბევრი რაღაც შედის: ქვა, ჩაქუჩი...დეფორმირებული იყო... არანაირი ჭრის კვალი არ ყოფილა. ადგილზეც ვნახე და ფოტოზეც“, - უპასუხა მოწმემ.
ოთარ ხაბურძანიას თქმით, ღობეზე ჭრის კვალი რომ შეემჩნია, პირველივე ექსპერტიზის დასკვნაში ასახავდა და რახან არაფერია ამის შესახებ ნახსენები, ესეც დადასტურებაა, რომ ღობე წინასწარ არავის ჩაუჭრია.
საზოგადოების ნაწილში ეჭვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის წინასწარ დაზიანებაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ღობის ერთ-ერთი სექცია 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიწოლიდან (და ჯაჯგურიდან) რამდენიმე წამში გადავარდა. ეს ჩანდა მედიის მიერ გავრცელებულ კადრებშიც.
ამ ეჭვს იზიარებს ბრალდებული პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე:
„არც ადვოკატებს, არც ჩვენ და არც საზოგადოებას არ სჯერა, რომ ეს სასახლის ღობე, რომელიც განსაკუთრებული სიმტკიცის უნდა ყოფილიყო, 4 კაცს 4 წამში შეიძლებოდა გადაენგრია“, - განაცხადა მან სხდომაზე.
4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში უმრავლესობა პოლიტიკოსია. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით წარედგინათ:
- სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა);
- 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელით.
ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით:
- სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
- 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).
მას თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ელის.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ერთი მუხლით, 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა. ეს დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ ფოტო ინტერნეტში რომ არ „ეთრიათ“ - რა თქვეს „4 ოქტომბრის“ საქმის დაზარალებულმა პოლიციელებმა სასამართლოში ასევე ნახეთ „დაზუსტდება შემდეგ პროცესზე“, - პროკურორმა ვიდეოში ბრალდებულებზე ვერ მიუთითა, სხდომა გადაიდო