პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოთხოვნების შესრულებას და სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.
- 24 თებერვალს ოთხი წელი შესრულდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რომელმაც ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი“ და ახლა საკითხავია, რამდენად შეუძლია ამა თუ იმ ტერიტორიის დაპყრობა და როგორ უნდა შეაჩერონ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინს უკან დახევას აიძულებს სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება.
ზელენსკის თქმით, რუსეთს სურს თავისი მშვიდობა მოიტანოს და ადამიანების ცხოვრება შეცვალოს ისე, როგორც მას მოსწონს.
შეკითხვას, შეიძლება თუ არა რუსეთის მოთხოვნას უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ გონივრული ეწოდოს, თუ შედეგად მიღწეული იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ ტერიტორიებს უყურებს არა მხოლოდ როგორც მიწას, მათი დატოვება ნიშნავს პოზიციების შესუსტებას, ასეულობით ათასი ადამიანის მიტოვებას და საზოგადოების დაყოფას.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს სჭირდება პაუზა, რათა რამდენიმე წელიწადში ძალები აღიდგინოს, არავინ იცის, ამის შემდეგ კიდევ საით წავა, მაგრამ გაგრძელება რომ მოუნდება, ეს ფაქტია.
ასევე ნახეთ უკრაინელები არ გვაპატიებენ, თუ შეთანხმებაში იქნება რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა - ზელენსკი Axios-სბევრი ანალიტიკოსი და არა მხოლოდ თეთრ სახლში, მიიჩნევს, რომ უკრაინა ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს და დამარცხდება, თუ მოსკოვთან დათმობებს არ დასთანხმდება. ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია.
BBC-ს შეკითხვას, როგორი იქნება ეს გამარჯვება, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ნიშნავს უკრაინელების დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებასთან და ადამიანების მკვლელობის შეწყვეტას, მაგრამ გაცილებით ფართო გაგებით გამარჯვებაა პუტინისგან მომდინარე გლობალური საფრთხის აღმოფხვრა. ზელენსკის განცხადებით, დღეს პუტინის შეჩერება და მისთვის უკრაინის ოკუპირების შესაძლებლობის არმიცემა მსოფლიოს გამარჯვება იქნება.
რაც შეეხება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამას აუცილებლად გააკეთებენ და დროის საკითხია.
ასევე ნახეთ ზელენსკი: თუ ცეცხლის შეწყვეტის პოლიტიკური ნება იქნება, მონიტორინგში ამერიკული მხარე ჩაერთვება2026 წლის იანვრის ბოლოდან მიმდინარეობს უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.
- უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც დღემდე კიევი აკონტროლებს.
- უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში დემილიტარიზებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, თუმცა გაურკვეველია, ვისი სუვერენიტეტი უნდა გავრცელდეს ამ ზონაზე.