ოკუპირებულ აფხაზეთში დრონის ჩამოვარდნის შემდეგ მოქალაქეებს „სიმშვიდის შენარჩუნებისკენ“ მოუწოდებენ

ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოკლე განცხადება გაავრცელა გაგრის რაიონში დრონის ჩამოგდებისა და "ფსოუს საკონტროლო პუნქტის" მუშაობის შეჩერების შემდეგ, რაც მოჰყვა სოჭში დრონების თავდასხმის საწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას.

დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ მორიგე ძალებმა და საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონულმა საბრძოლო სისტემებმა „აღკვეთეს და კვლავაც აღკვეთენ“ ამოუცნობი საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის ნებისმიერ დარღვევას.

"მოქალაქეებს ვთხოვთ შეინარჩუნონ სიმშვიდე", - ნათქვამია განცხადებაში,

ე.წ. სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილების ან აპარატის ფრაგმენტების აღმოჩენის შემთხვევაში, არ მიუახლოვდნენ მას, არ შეეხონ და დაუყოვნებლივ შეატყობინონ აღმოჩენის შესახებ.

მედიის ცნობით, 23 თებერვალს „გაგრის რაიონში, მამძიშხის მთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოხდა აფეთქება" და ნაპოვნია ნამსხვრევები, რომლებიც „წინასწარი ვერსიით, უპილოტო საფრენი აპარატისაა“.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების შესახებ იუწყებიან

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წელი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი რამდენჯერმე აღმოჩნდა საბრძოლო რისკის ზონაში.

2025 წლის ზაფხულში გავრცელდა ცნობა, რომ სოჭისკენ მიმართულმა საფრენმა აპარატებმა გადაკვეთეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთი.

მაშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა მოიწვია.