შეზღუდვები შემოიღეს აგრეთვე სოჭის აეროპორტში ფრენებზე.
მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის განახლებაზე.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადაღებული და რომელზეც მოჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის კვალი.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის გაგრის რაიონში ჩამოვარდნის შესახებ. ტელეგრამარხი „ЧП АБХАЗИЯ“ თავის გამომწერზე დაყრდნობით, წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ტყის მასივში შეფრინდა და აფეთქდა.
დრონის ვარდნის შესახებ იუწყება სააგენტო „აფსნიპრესიც“. გავრცელებული ინფორმაციით, გაგრის რაიონში, მამძიშხის მთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოხდა აფეთქება და ნაპოვნია ნამსხვრევები, რომლებიც „წინასწარი ვერსიით, უპილოტო საფრენი აპარატისაა“.
„ყველა ნაპოვნი ნამსხვრევი გაიგზავნება ექსპერტიზაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ტიპის, მისი წარმომავლობისა და ფრენის მიზნების დასადგენად. დაშავებულებზე ან ინფრასტრუქტურის ნგრევაზე ინფორმაცია არ ყოფილა. ძალოვანი უწყებები განაგრძობენ ინციდენტის ადგილზე მუშაობას“, - წერს „აფსინპრესი“.
2025 წლის ზაფხულში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად აფხაზეთიც აღმოჩნდა საომარი საფრთხის ზონაში. სოჭისკენ მიმართულმა საფრენმა აპარატებმა მაშინ გადაკვეთეს საქართველო-რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთი.
ფორუმი