საგარეომ ილიაუნის მხარდამჭერი განცხადების გამო ესტონეთის ელჩისგან განმარტება მოითხოვა

გიორგი ზურაბაშვილისა და მარგე მარდისალუ-კაჰარის შეხვედრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბიშვილმა ესტონეთის ელჩისგან მარგე მარდისალუ-კაჰარისგან განმარტება მოითხოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდამჭერი განცხადების გამო.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზირებისკენ, რაც მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის შესახებ ესტონეთის საელჩოს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ესტონეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევას წინ უსწრებდა საელჩოს ფებისბუკგვერდზე 22 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება წარწერით: „ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

„განათლების რეფორმა“

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.

„ქართული ოცნების“ ხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ უნდა ისწავლებოდეს. ამ ხედვის არგუმენტით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, 92%-ით ნაკლები სტუდენტის მიღება შეეძლება.

ასევე ნახეთ 92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს

„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.

ასევე ნახეთ ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

საერთაშორისო მკვლევრებმა და უცხოელმა პროფესორებმა დეკემბერში მოუწოდეს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას.

ასევე ნახეთ საერთაშორისო მკვლევრები და  პროფესორები კობახიძეს მოუწოდებენ, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას

ყველა კრიტიკის პასუხად „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არგუმენტებს ვერ ისმენს.