ტრამპმა კონგრესს მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ

აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლა თითქმის ორ საათს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მიმართა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.

ტრამპი კონგრესში მივიდა ვაშინგტონის დროით 24 თებერვლის საღამოს ცხრა საათისთვის(თბილისის დროით 25 თებერვლის დილის ექვსი საათი). კონგრესის ორივე პალატის წინაშე მისი გამოსვლა თითქმის ორ საათს გაგრძელდა, რაც სარეკორდო ხანგრძლივობაა.

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად კონგრესის შენობასთან მიმდინარეობდა ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია.

  • კონგრესის წინაშე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლამდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ტრამპის საქმიანობა ამერიკელების უმრავლესობას არ მოსწონს.
  • ტელეკომპანია CNN-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს მხოლოდ 36%, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 48% იყო.
  • გამოცემა The Economist-ის გამოკითხვით, ტრამპის საქმიანობა მოსწონს 39%-ს და არ მოსწონს 56%-ს.
  • სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კვლევითი კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპის საქმიანობა მოსწონს 40%-ს და არ მოსწონს 58%-ს.

კონგრესში დონალდ ტრამპის გამოსვლა მიმდინარეობდა დარბაზში მყოფი რესპუბლიკელების ხშირი ტაშითა და ფეხზე წამოდგომით.

ტრამპის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო დემოკრატების ნაწილი. დარბაზში მყოფი დემოკრატები, რომლებიც ტრამპის განცხადებებს ფეხზე წამოდგომით და ტაშით არ ხვდებოდნენ, ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა და „გიჟებიც“ კი უწოდა.

პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლის ძირითადი შინაარსი ის იყო, რომ დემოკრატების მმართველობისას ყველაფერი ცუდად იყო, შეერთებული შტატები იყო დამარცხებული, მისმა ადმინისტრაციამ კი ყველაფერი შეცვალა და დღეს ამერიკა გამარჯვებულია.

  • გამარჯვებების ერთ-ერთ დასტურად კონგრესში მიწვეული იყო ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალში კანადის ნაკრები დაამარცხა და 1980 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ოქროს მედალი.

პრეზიდენტმა ტრამპმა ილაპარაკა იმაზე, რომ ქვეყანაში შემცირებულია ინფლაცია, გაიაფდა საწვავი, ზოგიერთი სახეობის მედიკამენტები და სურსათი, გაიზარდა ინვესტიციები და სამუშაო ადგილები, ახალმა სატარიფო პოლიტიკამ კი ქვეყანას დამატებით მოუტანა დიდი ფული და მიუხედავად ტარიფების შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ქვეყნის დაცვას ამ გზითაც გააგრძელებს.

ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ გლობალურ ტარიფებს 15%-მდე გაზრდის

ანალიტიკოსების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოყვანილი არაერთი მონაცემი რეალობას არ ასახავს. მაგალითად, ტრამპმა ილაპარაკა ერთ წელიწადში მთელი მსოფლიოდან აშშ-ში 18 ტრილიონი დოლარის მოზიდვაზე მაშინ, როცა ოფიციალური მონაცემებით, თანხა 9,7 ტრილიონია.

კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც ინფლაცია სარეკორდო მაჩვენებელს აღწევდა. გამოცემა NYT-ი წერს, რომ 2022 წელს ინფლაციამ მართლაც მიაღწია ორმოცწლიან მაქსიმუმს და დაახლოებით 9% იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალიც ყოფილა 1970-1980-იან წლებში.

2022 წლიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და უკვე 2025 წლის იანვარში, როცა ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით შეუდგა, 3% იყო. 2026 წლის იანვრის მონაცემებით, ინფლაცია 2,4%-ია.

მიგრანტები

ტრამპმა ბევრი ილაპარაკა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი მიგრანტების წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე, მუდმივად ხაზს უსვამდა მიგრანტების მიერ დანაშაულის ჩადენით გამოწვეულ საფრთხეებს, თუმცა არ მოუყვანია არანაირი მტკიცებულება, რომ არალეგალურად მყოფი მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული სჭარბობს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ჩადენილს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობა მხარს უნდა უჭერდეს აშშ-ის მოქალაქეებს და არა უკანონო მიგრანტებს და დემოკრატებს მიმართა, რომ უნდა შერცხვეთ, მის ამ განცხადებას ფეხზე რომ არ წამოუდგნენ.

ასევე ნახეთ მინეაპოლისში ფედერალური ძალების მიერ მოქალაქის მოკვლა დაძაბულობას აღრმავებს ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის

პრეზიდენტმა ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე ისიც თქვა, რომ არალეგალურად მყოფ მიგრანტებს არჩევნების გაყალბებისთვის იყენებდნენ. ამას დარბაზში მყოფი დემოკრატებისგან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

ტრამპმა გამოაცხადა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემისთვის რეგისტრაციას დასჭირდება დოკუმენტურად დადასტურება, რომ პირი აშშ-ის მოქალაქეა. აიკრძალება დისტანციურად, ფოსტით ხმის მიცემა გარდა სამხედროების, მივლინებებში მყოფებისა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოქალაქეებისა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ილაპარაკა კიდევ ერთ ინიციატივაზე - არცერთ შტატს არ ექნება უფლება, არასრულწლოვანს სქესი მშობლების თანხმობის გარეშე შეუცვალოს. რესპუბლიკელები ამასაც ფეხზე წამოდგომით და ოვაციებით შეხვდნენ განსხვავებით დემოკრატებისგან, რამაც დონალდ ტრამპი გააღიზიანა და მათ „გიჟები“ უწოდა.

„რვა ომის დასრულება"

კონგრესში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ისევ თქვა, რომ პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ „რვა ომი დაასრულა".

როგორც CNN-ი წერს, ტრამპი ამ მცდარ განცხადებას იმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ „ომად“ მოხსენიებული ზოგიერთი კონფლიქტი რეალურად ომი არ ყოფილა. მაგალითად, ეგვიპტის და ეთიოპიის ხანგრძლივი დიპლომატიური დავა მდინარე ნილოსზე დამბის მშენებლობის პროექტის გამო.

სერბეთსა და კოსოვოს შორის ომი, რომელიც ტრამპის მიერ „დასრულებული ომების“ ჩამონათვალშია, მისი პრეზიდენტობის დროს არ მომხდარა, თუმცა ბოლო ხანს, დეტალების დაკონკრეტების გარეშე ირწმუნებოდა, რომ მათ შორის ახალი ომი აღკვეთა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ომი გაგრძელდა, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა. ანალოგიური სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, 2025 წლის დეკემბერში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა ტაილანდსა და კამბოჯას შორის.

კონგრესში გამოსვლისას თავად ტრაპმა ყველაზე დიდი დრო დაუთმო ღაზის სექტორში ომის დასრულებას და მადლობა გადაუხადა თავის წარმომადგენლებს, სპეციალურ წარგზავნილ სტივენ უიტკოფს და სიძეს, ჯარედ კუშნერს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს.

უკრაინა

დონალდ ტრამპს ბევრი არ უსაუბრია უკრაინაში ომის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესში გამოსვლა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე ჰქონდა.

ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა, იმ პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ყოველდღიურად 25 ათასი ჯარისკაცი იღუპება. რას ეფუძნება ეს ინფორმაცია, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად რთულ სამუშაოს განაგრძობენ.

ირანი

კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა ილაპარაკა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების აღსაკვეთად ირანის წინააღმდეგ 2025 წელს ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე. იმაზეც, რომ ირანში ბოლოდროინდელი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს, როცა ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დახოცა, თეირანს მკაცრი შედეგებით დაემუქრნენ და ამ გზით აღკვეთეს კიდევ ბევრი ადამიანის სიკვდილი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანს ისევ უნდა ბირთვული პროგრამის განახლება, ამიტომ დღეს მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ტრამპის თქმით, პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს, მაგრამ არ დაუშვებს, რომ „ტერორიზმის პირველ სპონსორს“ ბირთვული იარაღი ჰქონდეს.

ირანის შესახებ დონალდ ტრამპის ამ განცხადებას ტაშით შეხვდა დარბაზში მყოფი დემოკრატების დიდი ნაწილიც.

ბოლო პერიოდში შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა დიდი სამხედრო დაჯგუფება. პრეზიდენტი ტრამპი არ გამორიცხავდა ირანზე ახალი დარტყმის შესაძლებლობას.

კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა ილაპარაკა 2025 წლის იანვარში ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასა და ამ ქვეყნის მმართველ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებაზეც და განაცხადა, რომ დღეს ვენესუელა აშშ-ის მეგობარი და პარტნიორია, რომლისგანაც უკვე მიიღეს 80 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი.

  • აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლა განიხილება რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპად კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 2026 წლის ნოემბერში ჩატარდება.