„იმედში“ ამბობენ, რომ ვებსაიტები სანქციების გამო გაეთიშათ

„იმედის“ ლოგო

ტელეკომპანია „იმედის“ ვებსაიტები imedi.ge და imedinews.ge ბრიტანული სანქციების გამო იყო გათიშული. ამის შესახებ წერია ტელეარხის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია“, - წერს „იმედი“.

ტელეკომპანიის ვებსაიტები გუშინ, 25 თებერვალს, საღამოს გაითიშა. გუშინვე „იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელმა ილია მიქელაიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საიტები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო იყო გათიშული და ეს პრობლემა სანქცირების ნაწილს არ უკავშირდებოდა. დღეს მან სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

„იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირება

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).

ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“

სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“

ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ბიზნესმა სანქცირებულ "იმედთან" და "პოსტივისთან" თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უზრუნველყოფილი იქნება“ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ორი ქართული ტელევიზიის, „იმედისა“ და PosTV-ის და მათი ჟურნალისტების უფლებები.

ბრიტანეთის ელჩის დაბარება

პროსახელისუფლებო არხების სანქცირების გამო ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიწვია.

„ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა 25 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისი შეფასებით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას“.

ასევე ნახეთ „იმედისა“ და Pos TV-ის სანქცირების გამო ბრიტანეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელიან

ელჩმა კომენტარი არ გააკეთა არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც გამოსვლის შემდეგ.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-სთან დაკავშირებით“.