დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა. მას კომენტარი არც შესვლამდე არ გაუკეთებია.
ელჩი საგარეო უწყებაში დაბარებული იყო პროსახელისუფლებო ტელეარხების, „იმედისა“ და PosTV-ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირების გამო განმარტებებისთვის.
"ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი", - განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა 25 თებერვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში.
მისი შეფასებით, ცინიკურია, რომ „დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელეარხის დასანქცირებას“.
დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ "40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-სთან დაკავშირებით".
ბოჭორიშვილის თქმით, გადაწყვეტილების თაობაზე მოისმინა შეფასებები, თუმცა არ მოუსმენია, რას ეფუძნება ეს შეფასებები.
"თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას ან რაიმენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას".
"ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან "პოსტივის", ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „იმედსა“ და "პოსტივისთან" დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს", - თქვა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, არ იზიარებს შეფასებებს, "ამას სჭირდება მტკიცებულებები". მას იმედი აქვს, რომ "რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ. თუმცა რომ გითხრათ, რომ ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ".
24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“
ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:
„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, - ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "უზრუნველყოფილი იქნება" დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ორი ქართული ტელევიზიის, „იმედისა“ და PosTV-ის და მათი ჟურნალისტების უფლებები.
სანქციების განმარტება
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ორივე ტელეარხს შემდეგნაირი შეზღუდვები დაუწესდა: „აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“.
სამივე ტიპის სანქცია სხვადასხვა შეზღუდვას ითვალისწინებს:
- „აქტივების გაყინვა“ - სანქცირებული პირის საკუთრებაში არსებული ყველა ფონდი და ეკონომიკური რესურსი - რაც დიდ ბრიტანეთში არსებობს - „იყინება“; დიდ ბრიტანეთში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეუძლიათ სანქცირებულებთან ტრანზაქციები ან აქტივების შესყიდვა; დიდ ბრიტანეთში არავის შეუძლია სანქცირებული პირისთვის სახსრების პირდაპირ თუ ირიბად გადაცემა.
- „სანქციები ტრასტის სერვისებისთვის“ - ეს ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს თუ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებიც ბრიტანეთში ოპერირებენ (იურისტებს, მრჩევლებს, ა.შ.), ეკრძალებათ სანქცირებულ პირთან/კომპანიასთან ან მისთვის „ტრასტის“ შექმნა და „ტრასტთან“ დაკავშირებული რაიმე სერვისების შეთავაზება;
- „დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია“ - ეს ნიშნავს, რომ სანქცირებულ პირს არ შეუძლია ბრიტანული კომპანიის დირექტორობა, მართვა ან რაიმე ფორმით მართვაში მონაწილეობა.
ეხება ოფშორებსაც
ბრიტანეთის დაწესებული სანქციები ვრცელდება იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც მიიჩნევა „ოფშორულ ზონებად“ და რომლებიც ამავდროულად ბრიტანეთის იურისდიქციაში ექცევიან.
შესაბამისად, სანქციები ვრცელდება ბერმუდაზე, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.
რეკლამის მსხვილი დამკვეთები
„კომუნიკაციების კომისიის“ ცნობით, 2025 წლის მხოლოდ III კვარტალში - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში - „იმედმა“ 14,4 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ხოლო „პოსტივიმ“ - 1,9 მილიონი ლარისა.
ამ პერიოდში „იმედს“ რეკლამაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს „მეამამ“, ჩხარტიშვილების ოჯახის „სმარტ კაპიტალ ქონსალთენსიმ“ და „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“.
"პოსტივის" რეკლამის ყველაზე მსხვილი კლიენტი კი აღნიშნულ სამ თვეში „მეამა“ იყო - ნახევარ მილიონ ლარზე მეტის რეკლამა მხოლოდ ამ კომპანიამ მიიტანა ტელეარხზე.
ფორუმი