რუსეთში ჟურნალისტმა ნიკა ნოვაკმა - რომელიც უფლებადამცველებს პოლიტიკურ პატიმრად ჰყავთ აღიარებული - შიმშილობა გამოაცხადა მას მერე, რაც იგი სამი თვით კვლავ გაგზავნეს კამერული ტიპის საკანში, ირკუტსკის ოლქში მდებარე კოლონიაში, სადაც იგი სასჯელს იხდის. ამ ცნობას ავრცელებს მისი მხარდამჭერების ჯგუფი.
შიმშილობის დაწყების შესახებ პოლიტპატიმარმა დედამისს წერილში აცნობა. ნოვაკი ასევე ამბობს, რომ გარდა კამერულ საკანში გაგზავნისა, მას წაართვეს ფერადი ფანქრები, რადგან ისინი "სახიფათო ნივთად" მიიჩნიეს - აღნიშნავს "ნასტოიაშჩეე ვრემია".
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნოვაკმა შიმშილობა რამდენჯერმე გამოაცხადა. 2025 წლის აგვისტოში - როცა იგი დასაჯეს მას მერე, რაც ციხეში არსებულ პირობებზე დაიჩივლა, სექტემბერში - წერილების დაბლოკვის გამო, ოქტომბერში - წამების პირობებზე ირკუტსკის კოლონიაში, ნოემბერში - თანამოსაკნე ქალის მხრიდან გაგრძელებული პროვოკაციების გამო.
ნოვაკი მუშაობდა გამოცემაში ChitaMedia, შემდეგ იყო მთავარი რედაქტორი საიტისა Zab.ru. შტატგარეშე კორესპონდენტის რანგში ნოვაკი თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთანაც. 2024 წლის ნოემბერში მას ოთხი წლით მიუსაჯეს კოლონიაში პატიმრობა, "უცხო ქვეყნის ორგანიზაციასთან კონფიდენციალურ საფუძვლებზე თანამშრომლობის" ბრალდებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტს განაჩენი ამ მუხლით გამოუტანეს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. "ჩვენ ვგმობთ უსამართლო განაჩენს, რომელიც RFE/RL-ის ჟურნალისტს, ნიკა ნოვაკს რუსეთში გამოუტანეს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები მიემართება ცალკეული რეპორტიორების გაჩუმებას და მსუსხავი ეფექტის გამოწვევას" - წერდა ის.
ასევე ნახეთ ირკუტსკის კოლონიიდან დაიკარგა ჟურნალისტი ნიკა ნოვაკი