NYT: თეირანში თავდასხმა, რასაც ალი ხამენეი ემსხვერპლა, CIA-ს მონაცემების საფუძველზე მოეწყო

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე ჩანს შავი კვამლი, რომელიც თეირანში, ირანის უზენაესი ლიდერის დანგრეული რეზიდენციიდან ამოდის. 28 თებერვალი, 2026 წელი

New York Times-ი 1 მარტს იტყობინება, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აიათოლა ალი ხამენეი ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრას უნდა დასწრებოდა, დაეხმარა აშშ-სა და ისრაელის არმიებს თავდასხმის ორგანიზებაში, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი მოკლეს.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ხამენეი თეირანზე განხორციელებული დარტყმების დროს მოკლეს. ირანის დედაქალაქის სამხედრო და სამთავრობო ობიექტების დაბომბვა ისრაელის და აშშ-ის არმიებმა 28 თებერვალს დილით დაიწყეს.

ასევე ნახეთ ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს ხამენეის სიკვდილს

CIA ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა, - წერს Times-ი, ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით, - და შეიტყო, რომ ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრა შაბათს დილით თეირანის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსში იყო დაგეგმილი.

არსებული ცნობით, ვაშინგტონი და თელ-ავივი თავდაპირველად ირანზე დარტყმების განხორციელებას ღამით გეგმავდნენ, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა გეგმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დაზვერვის მონაცემების საფუძველზე შეცვალეს.

გაზეთის ცნობით, აშშ-მ ინფორმაცია მიაწოდა ისრაელს, რომელიც ირანის ხელმძღვანელობაზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

ოპერაცია ისრაელში დაახლოებით დილის 6:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით კომპლექსს დაახლოებით დილის 9:40 საათზე დაარტყა.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების მაღალი თანამდებობის პირები კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდნენ, ხოლო ხამენეი ახლომდებარე შენობაში.

ასევე ნახეთ ნეთანიაჰუ: ბევრი ნიშანია, რომ ხამენეი "აღარ არის"


ხამენეის გარდა, აფეთქების შედეგად ირანის ორი მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი დაიღუპა: რევოლუციური გვარდიის მეთაური, გენერალი მოჰამედ ფაქფური და კიდევ ერთი მაღალი რანგის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ალი შამხანი, დაადასტურა ირანის იუსტიციის უწყებამ.

ასევე ნახეთ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას „უძლიერესი" დარტყმის განზრახვაზე