"დღეს დილით გავანადგურეთ ტირან ხამენეის კომპლექსი" - ამბობს ნეთანიაჰუ ვიდეოჩანაწერში და დასძენს, რომ ხამენეი 30 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში "ავრცელებდა ტერორიზმს მსოფლიოში, ტანჯავდა თავის ხალხს და მუდმივად და დაუღალავად მუშაობდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურების გეგმაზე".
"ბევრი ნიშანია, რომ ეს ტირანი აღარ არის. დღეს დილით ჩვენ გავანადგურეთ მაღალჩინოსნები აიათოლათა რეჟიმიდან, რევოლუციის გუშაგების მეთაურები, ბირთვული პროგრამის მაღალჩინოსნები - და ჩვენ გავაგრძელებთ. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში დავარტყამთ ტერორის რეჟიმის კიდევ ათასობით სამიზნეს" - თქვა ნეთანიაჰუმ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მას ისრაელის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოკლულია ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად.
თავისი მმართველობის ხანაში აიათოლა ალი ხამენეიმ ირანი გადააქცია მნიშვნელოვან ანტი-ამერიკულ ძალად, ქვეყნის სამხედრო გავლენა განავრცო ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, და სასტიკი რეპრესიებით უპასუხებდა ქვეყნის შიგნით გაჩენილ საპროტესტო მოძრაობებს.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რაკეტები მოხვდა ხამენეისა და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენციებს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმი" იუწყებოდა, რომ საპრეზიდენტო სასახლისა და უზენაესი ლიდერის რეზიდენციის რაიონს მოხვდა, სულ მცირე, შვიდი რაკეტა. მედიაში წყაროებზე დაყრდნობით დღისით ვრცელდებოდა ცნობები, რომ ორივე ლიდერი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. ამავე დროს, ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით გამოთქვამდა ვარაუდს, რომ დარტყმების შედეგად შესაძლოა ხამეინი მოკლულია ან დაჭრილი.
საჯაროდ უზენაესი ლიდერი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.
ფორუმი