აკროტირის ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო ძალების მიერ შეტევაზე რეაგირების შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა. მას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რეგიონში მყოფი ჯარების დაცვა უმაღლეს დონეზეა.
მანამდე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარები და სამოქალაქო მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში არიან ირანის მხრიდან განურჩეველი შეტევების რისკის ქვეშ.
ასევე ნახეთ ტრამპი: შურს ვიძიებთ სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის გამოგაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 1 მარტს, ბრიტანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში, რადგან რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო გზად მიიჩნევს მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შემუშავებაზე.
მაგრამ, სტარმერის თანახმად, ირანი დიდ საფრთხეს უქმნის ბრიტანელებსაც და ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს და ამ საფრთხის აღსაკვეთად საჭიროა ირანის რაკეტების განადგურება. სტარმერის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ითხოვა ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენება და ლონდონმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა, რათა ირანს ხელი შეუშალოს მთელ რეგიონზე სარაკეტო შეტევებსა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში.
სტარმერის განცხადებითვე, მიიწვევენ უკრაინელ ექსპერტებსაც, რომლებიც ბრიტანელებთან ერთად სპარსეთის ყურეში პარტნიორებს დაეხმარებიან ირანული დრონების ჩამოგდებაში.
ასევე ნახეთ გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან ირანის წინააღმდეგ მოკავშირეთა ინტერესები დაიცვან- ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.
- 28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
- აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.