Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან ირანის წინააღმდეგ მოკავშირეთა ინტერესები დაიცვან

საფრანგეთის პრემიერი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, და ბრიტანეთის პრემირმინისტრი კირ სტარმერი. ჰააგა 24 ივლისი, 2025 წელი
საფრანგეთის პრემიერი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, და ბრიტანეთის პრემირმინისტრი კირ სტარმერი. ჰააგა 24 ივლისი, 2025 წელი

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები.

სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემირმინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღების გზით, რათა განადგურდეს ირანის შესაძლებლობა გაუშვას რაკეტები და დრონები… “, - დასძინა მან.

„შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ აშშ-სთან და რეგიონში მოკავშირეებთან,“ ჩაწერეს ევროპის სამი ქვეყნის ლიდერებმა მათ განცხადებაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დათანხმდა შეერთებულ შტატებს, გამოიყენოს დიდი ბრიტანეთის ბაზები ირანის რაკეტებისა და მათი გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით „თავდაცვითი“ დარტყმების განსახორციელებლად.

თუმცა, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მან დასძინა: „ჩვენ არ ვიყავით ჩართული ირანზე თავდაპირველ დარტყმებში და ახლა არ შევუერთდებით შეტევით ქმედებებს“.


ასევე 1 მარტს, ევროკავშირის 27 ქვეყანამ მოწოდება გამოთქვა „მაქსიმალური თავშეკავებისა“ და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ ირანის კონფლიქტში. გერმანია და საფრანგეთი ბლოკის ამჟამინდელი წევრები არიან, ბრიტანეთი - ყოფილი.

ირანმა 28 თებერვალს და 1 მარტს მასზე აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, როცა მისი უზენაესი მმართველი და სხვა სამხედრო მეთაურები დაიხოცნენ, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანას დაარტყა და განაცხადა, რომ ის აშშ-ის ბაზებს ესხმის თავს.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კვირას „ფართომასშტაბიანი“ თავდასხმის შესახებ განაცხადა, აფეთქებების ხმა ისმოდა ერ-რიადში, დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰაში, მანამაში, იერუსალიმსა და თელ-ავივში, ისრაელის სამაშველო სამსახურებმა კი ბეით შემეშში სულ მცირე, ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ კვირას ამერიკულ არხ ABC News-ს განუცხადა: „ჩვენ ვიცავთ თავს ყველანაირად და ვერ ვხედავთ შეზღუდვას ჩვენი ხალხის დაცვის საქმეში“.

1 მარტს ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ირანის დედაქალაქი, აშშ-მა გამოაცხადა, რომ ჩაძირა ირანის ცხრა სამხედრო ხომალდი.




ფორუმი

XS
SM
MD
LG