მთავრობა სამძიმარს უცხადებს როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, "მათ შორის უმაღლესი ლიდერის" დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ასევე გამოხატულია სრული სოლიდარობა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ.
2 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
რა წერია განცხადებაში
"საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.
საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს", - ნათქვამია 2 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ "ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს".
"საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ "ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება" - საგარეო უწყება ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზემანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.
უწყების მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზი ჰქონდა გასმული "დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად".
ასევე ნახეთ საქართველოდან გაუქმდა ფრენები თელ-ავივის, დუბაისა და სხვა ქალაქების მიმართულებითმოგვიანებით, ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ამის შესახებ კობახიძემ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს კობახიძემ "დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან" და გამოხატა "გულწრფელი სოლიდარობა" და იმედი გამოთქვა, "რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება".
"ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან”, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თეირანი მოლაპარაკებების აბუჩად აგდებაში და საკუთარი ხალხის წამებაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ "დიქტატურები უნდა დასრულდეს!" - ზურაბიშვილი ირანზე. სამხედრო ოპერაციას ჯერ არ გამოხმაურებია "ოცნების" მთავრობა- ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი მოკლეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
The New York Times-ი სატელიტური ფოტოების, ინციდენტების ადგილებიდან გავრცელებული ვიდეოების და ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 28 თებერვლიდან ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.
ასევე ნახეთ სატელიტის ფოტოები: ირანის სარაკეტო ბაზა იერიშებამდე და შემდეგერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.
რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან". დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა.
საამიროების თავდაცვის სამინისტრომ 1 მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.
სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.
ასევე ნახეთ ალი ხამენეის მემკვიდრეობა - გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე