„ომის დაწყება არასდროს მიხარია, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ ტყუილი თქვა, დამალა, აბუჩად აიგდო ყველა მოლაპარაკება და რაც ყველაზე მთავარია, მოკლა და აწამა საკუთარი ხალხი. დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“, - სალომე ზურაბიშვილის განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
X-ზე არ იძებნება [19:00 საათისთვის] “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური განცხადებები.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალურ გვერდზე ბოლო პოსტი 24 თებერვალს არის გამოქვეყნებული და თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან, დუნიაგოზელ გულმანოვასთან შეხვედრის ფაქტს შეეხება. იგივე პოსტი დევს მთავრობის ოფიციალურ გვერდზეც.
სოციალურ ქსელებში იხსენებენ ირაკლი კობახიძის 2024 წლის ვიზიტებს თეირანში - ერთი პრეზიდენტის დაღუპვისა და მეორის ინაუგურაციის დროს. დარბაზში, სადაც ინაუგურაცია შედგა, ისმოდა შეძახილები: "სიკვდილი ამერიკას", "სიკვდილი ისრაელს".
[განახლება]
დღის ბოლოს, X-ზე გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო უწყების განცხადება, რომელშიც წერია, რომ “ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.
“ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერია ტექსტში.
საგარეო უწება ურჩევს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, "იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”. ასევე - საჭიროების შესაბამისად, ითხოვონ დახმარება საელჩოებში, რომლებიც რეგიონში “სრულად ფუნქციონირებენ".
28 თებერვალს ისრაელის ხელისუფლებამ ირანზე სამხედრო იერიშს თავდაპირველად „პრევენციული დარტყმა“ უწოდა, ხოლო რამდენიმე საათში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო.
28 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“
მან მიმართა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და სამხედროებს ირანში, დაყარონ იარაღი, რისთვისაც მიიღებენ "სამართლიან მოპყრობასა" და „სრულ იმუნიტეტს“, წინააღმდეგ შემთხვევაში - მათ "უცილობელი სიკვდილი" ემუქრებათ.
"თქვენი თავისუფლება ახლოს არის" - ტრამპი ასევე მიმართავს ირანელებსაც - "დიდებულ, ამაყ ხალხს".
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ადანაშაულებს საკუთარი მოქალაქეების მკვლელობაში. იანვარში, როდესაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვა დაიწყეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს მიმართა სიტყვებით: "დახმარება გზაშია!"
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის რაკეტები საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნებს.
სამხედრო ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის - რაც უშედეგოდ დასრულდა. ირანმა უარი თქვა ვაშინგტონის მოთხოვნებზე, სამუდამოდ აიღოს ხელი ბირთვული იარაღის შექმნაზე და შეწყვიტოს შორი მოქმედების რაკეტების წარმოება.
ფორუმი