Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება" - საგარეო უწყება ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზე

“ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო უწყება “ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას -  უწყებამ განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე.

“ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე ტექსტის თანახმად, საქართველოს საელჩოები რეგიონში “სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება".

განცხადება დღის ბოლოს გამოქვეყნდა. მანამდე რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობდა, მიეღო უწყების პასუხი - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დახმარებასთან დაკავშირებით.

28 თებერვალს ისრაელის ხელისუფლებამ ირანზე სამხედრო იერიშს თავდაპირველად „პრევენციული დარტყმა“ უწოდა, ხოლო რამდენიმე საათში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო.

28 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“

მან მიმართა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და სამხედროებს ირანში, დაყარონ იარაღი, რისთვისაც მიიღებენ "სამართლიან მოპყრობასა" და „სრულ იმუნიტეტს“, წინააღმდეგ შემთხვევაში - მათ "უცილობელი სიკვდილი" ემუქრებათ.

"თქვენი თავისუფლება ახლოს არის", - ტრამპი ასევე მიმართავს ირანელებსაც - "დიდებულ, ამაყ ხალხს".

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ადანაშაულებს საკუთარი მოქალაქეების მკვლელობაში. იანვარში, როდესაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვა დაიწყეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს მიმართა სიტყვებით: "დახმარება გზაშია!".

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის რაკეტები საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნებს.

სამხედრო ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის - რაც უშედეგოდ დასრულდა. ირანმა უარი თქვა ვაშინგტონის მოთხოვნებზე, სამუდამოდ აიღოს ხელი ბირთვული იარაღის შექმნაზე და შეწყვიტოს შორი მოქმედების რაკეტების წარმოება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG