ისრაელის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასთან სურს შეხვედრა

ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია

ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია აცხადებს, რომ ირანში ოპერაციისა და განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურს, თუმცა ამ დრომდე არ შეხვედრია და შეხვედრის იმედს საჯაროდ გამოთქვამს.

„განვითარებული მოვლენების ფონზე მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევხვედრივარ. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“, - განუცხადა ელჩმა აბუ ჰაიამ ორშაბათს, 2 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით, ჰქონდა თუ არა ელჩს შეხვედრაზე თხოვნა გაგზავნილი ან ახლა, საჯარო განცხადების შემდეგ, იგეგმება თუ არა მასთან შეხვედრა.

განახლება: 21:00 საათზე რადიო თავისუფლებას ისრალის საელჩოში განუცხადეს, რომ ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თბილისის სამძიმარი ირანსაც და ისრაელსაც

2 მარტსვე გავრცელებული განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, - „მათ შორის უმაღლესი ლიდერის“ დაღუპვის გამო, - ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.

ამასთან, მთავრობამ გამოხატა „სრული სოლიდარობა“ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ.

ასევე ნახეთ მთავრობა უსამძიმრებს ირანსაც და ისრაელსაც და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს

ქართველები ისრაელში „დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ“

ელჩმა ტელევიზიასთან ისაუბრა ქართველებსა და ისრაელელებზე, რომლებიც ისრაელსა და საქართველოში იმყოფებიან:

„მათ [ისრაელის მოქალაქეებს] მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებული არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ“, - თქვა მან.

„ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას, ვინც ისრაელშია“, - განაცხადა ელჩმა.

„ჩვენ ვეკონტაქტებით თელ-ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ“, - თქვა მან.

აიათოლა ხამენეი მოკლულია

  • ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები;
  • 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;
  • ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;
  • ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
  • ამ მოვლენებს წინ უძღოდა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს.
  • ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა სერიოზული დარტყმაა ქვეყნის სასულიერო მმართველებისთვის, თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს არ არის რეჟიმის ცვლილების გარანტია.
ასევე ნახეთ ხამენეის სიკვდილი - სერიოზული დარტყმა, რომელიც არ არის ირანის სასულიერო ხელისუფლების ჩამოშლის გარანტია

ანძა ირანის დროშის ფერებში

2026 წლის 11 თებერვალს ირანის საელჩოს მოწყობილ ღონისძიებაში - რომელიც ისლამური რევოლუციის წლისთავს ეძღვნებოდა - მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, - სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

ირანის ელჩ ალი მოჯანის სიტყვებით, დარსალიამ „ოფიციალურად მიულოცა ირანს ეს თარიღი [რევოლუციის წლისთავი] და უწოდა მას ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო“.

იმავე საღამოს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში გაანათეს.

ასევე ნახეთ ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეს

ანძის ირანის დროშის ფერებში განათებას საქართველოში ისრაელის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა:

„რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?“

მოგვიანებით, 23 თებერვალს, ჟურნალისტების მორიგ კითხვაზე - თუ რა გზავნილი იყო დიპლომატის დასწრება ღონისძიებაზე და ანძის დროშის ფერებში განათება, - რაც ისრაელის საელჩომაც იკითხა საჯაროდ, - მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

ძალიან მარტივი გზავნილია. ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც ტარდება მიღება, ყოველთვის მიდის მიღებაზე სახელმწიფოს წარმომადგენელი და როდესაც შემოდის თხოვნა ანძის განათებაზე, ყოველთვის ნათდება ანძა“.

ასევე ნახეთ ეძღვნებოდა ირანის ეროვნულ დღესასწაულს და არა გადასახლების წლისთავს - ამბობს კობახიძე, თუმცა მოსაწვევზე სხვანაირად ეწერა