„მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით“, - წერია განცხადებაში.
რა მოხდა?
გუშინ, 11 თებერვალს, შებინდების შემდეგ, როცა დედაქალაქში გარე განათება ჩაირთო, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებით განათდა. რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ანძა ირანის საელჩოს მიმართვის საფუძველზე განათდა, „რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს“.
წინაპირობა - „კარგი ურთიერთობები“
ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, აცხადებს, რომ ანძა ირანის ფერებში „ირანისა და საქართველოს ისტორიული ურთიერთობებიდან და ორ ერს შორის არსებული კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე განათდა“.
„ეს ნათელი სიმბოლოა იმისა, რომ დღევანდელი ირანის პატივისცემა ოფიციალურად და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.
ოფიციალური მილოცვა საქართველოდან
ელჩის ცნობით, გუშინ, 11 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა „ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე“.
ალი მოჯანის სიტყვებით, დარსალიამ „ოფიციალურად მიულოცა ირანს ეს თარიღი და უწოდა მას ირანის ისტორიული გზის, ეროვნული იდენტობისა და განვითარების სიმბოლო“.
დარსალიამ, რომელიც გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით, ამავე ღონისძიებაზე, ელჩის სიტყვებით, „ხაზგასმით აღნიშნა“, რომ:
- „ორ ერს შორის არსებობს ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში მჭიდრო ურთიერთობა“;
- „ეს სახალხო კავშირები ირანსა და საქართველოს შორის მდგრადი თანამშრომლობის საფუძველი და მთავარი საყრდენია“.
დარსალიამ ასევე მადლიერება გამოხატა ირანის მიმართ „საქართველოს მხარდაჭერისთვის“ და „გაიხსენა, რომ ირანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარა“.
ანძის განათება - „როგორც წინა წლების“ პრაქტიკა
თბილისის მერიის პრესცენტრიდან რადიო თავისუფლებას მისწერეს, რომ საელჩოების თხოვნის გათვალისწინების მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს:
„მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში...
ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში“.
დემონსტრანტების დახოცვა
წელს ირანისთვის ამ დღის აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რამეთუ მოჰყვება მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს. როგორც ელჩის კომენტარიდანაც იკვეთება, ირანის ხელისუფლება ამ დღეს იყენებს ლეგიტიმაციის დემონსტრირების მიზნით.
რამდენიმე კვირის წინ, 2026 წლის იანვარში, ირანში საპროტესტო დემონსტრაციებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით ადამიანი დახოცეს.
- უფლებადამცველთა ჯგუფის, HRANA-ს მონაცემების თანახმად, დადასტურებულია 6961 ადამიანის დაღუპვა;
- კიდევ 11 630 შემთხვევა მოწმდება;
- დაშავდა 11000-ზე მეტი ადამიანი.
- დაკავებულია 51 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის, 112 სტუდენტი.
- სხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველა ცნობაში ლაპარაკია ათასობით მსხვერპლზე.
ამჟამად ირანში გრძელდება ცნობილი აქტივისტებისა და ხელოვანების დაკავება.
6 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, აშშ დამატებითი ტარიფების დაწესებას გეგმავს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებსაც ირანთან სავაჭრო ურთიერთობა აქვთ.
ფორუმი