დღეს, 4 მარტს შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჯიტა ჰერატმა პარლამენტს აცნობა, რომ ირანული გემიდან განგაშის სიგნალი გამთენიისას მიიღეს და მეზღვაურების გადასარჩენად საზღვაო და საჰაერო ძალების სამხედროები გაგზავნეს.
მინისტრის თანახმად, გემზე 180 მეზღვაური იმყოფებოდა და მათგან 30 გადაყვანილია შრი-ლანკის საპორტო ქალაქ გალეს საავადმყოფოში.
BBC-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა პარლამენტის ერთ-ერთი წევრის შეკითხვას, ირანულ გემზე შეტევა იყო თუ არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის ნაწილი.
სააგენტო Reuters-ი შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-საზღვაო ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის სამხედრო გემი IRIS Dena წყალქვეშა ნავის შეტევის შედეგად ჩაიძირა. ვის ეკუთვნის ეს წყალქვეშა ნავი, არ დაუკონკრეტებიათ.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, ირანულ სამხედრო გემზე მყოფთაგან 101 დაკარგულად ითვლება, 1 დაიღუპა, 78 კი დაშავებულია.
შრი-ლანკის სამხედრო ფლოტმა ოფიციალურად უარყო ირანული გემის ჩაძირვის გავრცელებული ვერსია და განაცხადა, რომ ინციდენტის რაიონში არ იმყოფებოდნენ სხვა გემები, ან თვითმფრინავები.
ასევე ნახეთ CENTCOM: ირანში ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია 2000-მდე სამიზნეაშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 3 მარტს განაცხადა, რომ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან ირანს გაუნადგურეს 17 გემი, მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა ნავი.
ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ფლოტის დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამთ.
- ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.