რუსეთში, კიროვის ოლქის ქალაქ კიროვო-ჩეპეცკში 4 მარტს ქიმიურ საწარმოზე განხორციელდა სავარაუდოდ უკრაინული დრონების თავდასხმა. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Astra, რომელმაც მომხდარი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე გააანალიზა.
რეგიონის ხელმძღვანელობა ადასტურებს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმას, თუმცა არ ადასტურებს კონკრეტულად რომელი ობიექტი იყო სამიზნე. გუბერნატორ ალექსანდრ სოკოლოვის თქმით, დარტყმის შედეგად დაზარალებულები არ არიან, ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები.
Astra-ის ინფორმაციით, დრონებმა დაარტყეს კომპანია "ურალხიმის" ფილიალის დასავლეთის ნაწილს.
უკრაინის არმიას ამ საკითხზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
ქალაქ კიროვო-ჩეპეცკს 1000-ზე ცოტა მეტი კილომეტრი აშორებს უკრაინის საზღვარს. ამ ქალაქში მოქმედ კოლონიაში იმყოფება იგორ სტრელკოვი (გირკინი), ეფესბეს ყოფილი ოფიცერი - იგი 2014 წლის აპრილში ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელმაც უკრაინის ქალაქ სლავიანსკზე დაამყარა კონტროლი, დონბასში ომი ფაქტობრივად ამ მომენტიდან დაიწყო. სტრელკოვი - ომის ურყევი მომხრე და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი - რუსეთში ექსტრემიზმის მუხლით გაასამართლეს.
უკრაინის არმიამ თებერვალში დარტყმა განახორციელა სმოლენსკის ოლქის ქალაქ დოროგობუჟში მდებარე ქიმიურ საწარმოზე. ხელისუფლების მონაცემებით, ამიაკის გაჟონვას მაშინ საამქროს შვიდი თანამშრომელი შეეწირა.
ასევე ნახეთ რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს