უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტების დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს. დანარჩენ რეგიონებში ენერგომომარაგების გრაფიკი მოქმედებს.
რუსეთის ჯარების მუდმივი დარტყმებით ენერგოობიექტების ნგრევისა და დაზიანების გამო უკრაინის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებს. ამასთან, ხშირია შემთხვევები, როცა ენერგომომარაგება გრაფიკითაც შეუძლებელია.
ოდესის ოლქში დრონებით მორიგი შეტევა იყო საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია საწყობები, კონტეინერები და ადმინისტრაციული შენობები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა პოლტავის ოლქში. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ხარკოვის მერიის ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 136 დრონით. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 127-ის მოგერიება და 5 დრონით პირდაპირი დარტყმა სამ ადგილზე.
გასული ღამის განმავლობაში 16 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.
ფორუმი