უკრაინა და რუსეთი ტყვეთა გაცვლის გაგრძელებაზე თებერვალში შეთანხმდნენ აშშ-ის მონაწილეობით ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე. ამ შეთანხმების საფუძველზე 5 მარტს მხარეებმა 200-200 ტყვე გაცვალეს. კიევის თანახმად, დღევანდელი გაცვლა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მეორე და ბოლო ეტაპი იყო.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა, რომელიც ტყვეთა გათავისუფლების საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ სამშობლოში დღეს, 6 მარტს დაბრუნებულ 300-ს დამცველს შორის არიან სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სადესანტო ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები და სასაზღვრო და სპეციალური სატრანსპორტო სამსახურების წარმომადგენლები. ყველაზე უმცროსი 26 წლისაა, უფროსი - 60-ის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ტყვეობიდან დღეს გათავისუფლებული 300 რუსი სამხედრო გადაიყვანეს ბელარუსში, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდებიან.
ორივე მხარე ხაზს უსვამს ძალისხმევას, რომელიც ტყვეთა გასათავისუფლებლად გასწიეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 2026 წლის იანვრის მეორე ნახევარში დაიწყო.
- პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს. მეორე რაუნდის შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა 157-157 ტყვე გაცვალეს.
- სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
უკრაინა და რუსეთის ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე 2025 წლის მაის-ივლისშიც შეთანხმდნენ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად.
უკრაინის საკოორდინაციო საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის 6 მარტის მდგომარეობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ დაიბრუნა 6622 მოქალაქე.
2025 წლის იანვარში რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინიდან დაიბრუნეს, საერთო ჯამში, 2 466 მებრძოლი.