პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან ურთიერთობას, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ, მაგრამ ირანის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო ჯერჯერობით არ არის „სამმხრივი შეხვედრისთვის საჭირო სიგნალები“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია და საერთო პოლიტიკური კონტექსტი შესაძლებელს გახდის სამმხრივ დიპლომატიურ მუშაობას, ეს გაკეთდება და უკრაინა ამისთვის მზად არის.
- უკრაინამ, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სამმხრივი მოლაპარაკებები 2026 წლის იანვრიდან დაიწყეს.
- პირველი ორი რაუნდი იანვრის მეორე ნახევარში და თებერვლის დასაწყისში გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, მესამე კი - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 28 თებერვლამდე არსებული წინასწარი ინფორმაციით, უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკება მარტის პირველ კვირაში უნდა განახლებულიყო სავარაუდოდ, ისევ აბუ-დაბიში.
ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა დარტყმებით რეგიონში ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზეც.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, 2 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმედს გამოთქვამდა, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მალე დაიგეგმებოდა.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-ს „სამუშაო დაემატა“, მაგრამ ჯერჯერობით არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ აშშ აღარ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესში.
4 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც კი სამმხრივი მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, „ან საერთოდ იქნება“, ამას მედიას შეატყობინებენ.
ფორუმი