Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბუ-დაბიში მიღწეულია შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი

უკრაინა და რუსეთი ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ აბუ-დაბიში აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკების შედეგად.

ინფორმაცია, რომ მხარეები 314 ტყვეს გაცვლიან დღეს, 5 თებერვალს სოციალური ქსელებით გაავრცელა ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა.

მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს იქნება ტყვეთა პირველი გაცვლა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. უიტკოფის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ურთიერთქმედებას საგრძნობი შედეგები მოაქვს და წინ სწევს უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას.

უიტკოფის თანახმად, შედეგი მიღწეულია დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად, განხილვები გაგრძელდება და უახლოეს კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი.

განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის ტყვეობიდან დაიბრუნა 157 სამხედრო მოსამსახურე, გათავისუფლებულია კურსკის ოლქის მცხოვრები 3 სამოქალაქო პირიც, სანაცვლოდ კი უკრაინას გადასცეს 157 სამხედრო ტყვე.

რუსეთის შემდეგ უკრაინის საკოორდინაციო შტაბმაც, რომელიც სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულია 150 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი, რომელთაგან 139 ტყვეობაში იყო 2022 წლიდან.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა.

მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაგრძელდა.

ტყვეთა გაცვლა 4 თებერვალს, აბუ-დაბიში განახლებული მოლაპარაკების პირველი დღის შეჯამებისას არ გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა და რუსეთის ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე შეთანხმდნენ 2025 წლის მაის-ივლისშიც, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად.

ამ შეთანხმების ფარგლებში სამხედრო ტყვეთა ბოლო გაცვლა (185-185) 2025 წლის 2 ოქტომბერს შედგა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG