ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

ნავთობით დატვირთული ტანკერები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მას შემდეგ, რაც ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. ბოლოს ბარელი ნავთობი ას დოლარზე მეტი ღირდა უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის წელს, 2022-ში.
  • ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის დაკეტვის გამო ანალიტიკოსები ჯერ კიდევ გასულ კვირაში პროგნოზირებდნენ, რომ ბარელი ნავთობის ფასი ას დოლარს გადააჭარბებდა.

დღეს, 9 მარტს, აზიის ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას ერთ-ერთი ძირითადი, Brent-ის მარკის ნავთობი 20%-ზე მეტით გაძვირდა და ბარელის ფასმა 110 აშშ დოლარს გადააჭარბა. გარკვეული დროის შემდეგ დაახლოებით 105 დოლარამდე ჩამოვიდა, შემდეგ კი ისევ რამდენიმე დოლარით გაძვირდა. ას დოლარს გადააჭარბა ამერიკული მარკების ბარელი ნავთობის ფასმაც.

ჰორმუზი არაბეთის ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სრუტეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის და ომანის ყურეებს და ღია ოკეანეში გასასვლელია. ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ ნაპირი ირანს ეკუთვნის, ხოლო სამხრეთი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის ექსკლავ მუსანდამს.

ასევე ნახეთ

ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?

გასულ კვირაში მსოფლიო ბაზარი შედარებით სიმშვიდეს ინარჩუნებდა მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ბარელი ნავთობი სპარსეთის ყურეში დაბლოკილი აღმოჩნდა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად, ჩაკეტვის გამო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ და როგორც ირანის, ისე სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე დარტყმებმა ბაზრებზე განგაში გამოიწვია.

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ ჰორმუზის სრუტე მარტის ბოლომდე დაკეტილი იქნება, ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 150 აშშ დოლარს გადააჭარბოს.

ასევე ნახეთ

ისრაელმა თეირანში ნავთობსაცავები დაბომბა

ასევე ნახეთ

ირანი ბოდიშს უხდის სპარსეთის ყურეს, თუმცა დარტყმები გრძელდება რეგიონის მასშტაბით

ნავთობის გაძვირებას „მოკლევადიანი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ფასები სწრაფად შემცირდება, როცა ირანის მხრიდან ბირთვულ საფრთხე აღარ იარსებებს.

ტრამპი მიიჩნევს, რომ ნავთობის დროებით გაძვირება მცირე საფასურია აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების სანაცვლოდ და სხვაგვარად შეიძლება „მხოლოდ სულელები ფიქრობდნენ“.

ირანის წინააღმდეგ 28 თებერვლიდან მიმდინარე, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დაძაბული სიტუაციის შესამსუბუქებლად, 6 მარტს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 30 დღით მოუხსნა რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა. საუბარია უკვე ტანკერებზე ჩატვირთულ ნავთობზე. იმავე დღეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ტელეარხ Fox Business-თან ინტერვიუში არ გამორიცხა სანქციების შესუსტება ასეულობით მილიონი ბარელი რუსული ნავთობით უკვე დატვირთული ტანკერებისთვის.

  • რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში ომის გამო მოქმედებს. უკრაინა დიდი ხანია ითხოვს ამ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას, რათა რუსეთს გადაკეტილი ჰქონდეს ომის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო.