Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა თეირანში ნავთობსაცავები დაბომბა

კვამლი თეირანის თავზე ისრაელის დარტყმების შემდეგ. 8 მარტი, 2026.
კვამლი თეირანის თავზე ისრაელის დარტყმების შემდეგ. 8 მარტი, 2026.

ისრაელმა თეირანში ნავთობის საცავებს დაარტყა. ისრაელის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ საწვავი გამოიყენებოდა იარაღის წარმოებისა და განვითარებისთვის, ასევე სამხედრო ბაზებისთვის.

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ცნობით, დარტყმების შედეგად ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. კომპანიამ დასძინა, რომ ზოგიერთ რაიონში საწვავის დროებითი რაციონირება დაწესდება „სამართლიანი და მდგრადი მომარაგების უზრუნველსაყოფად“.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ნავთობის საცავების ობიექტებში აფეთქებების შედეგად გამოიყო დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნახშირწყალბადის ნაერთები, გოგირდისა და აზოტის ოქსიდები. ამან შეიძლება მჟავური წვიმები გამოიწვიოს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის, HRANA-ს ცნობით, ირანში აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან 1205 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის - მინიმუმ 194 ბავშვი.

ისრაელის გამოცემა Ynet წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის ტერიტორიაზე პირველი დარტყმა განახორციელეს. სამიზნე, სავარაუდოდ, წყლის გამტკნარების ქარხანა იყო. თუმცა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალჩინოსანმა The Jerusalem Post-თან კომენტარში უარყო ეს ინფორმაცია. გაზეთი აღნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ომში ჩართვის შემთხვევაში სამხედრო სამიზნეს აირჩევდა.

AP-ის ცნობით, ისრაელმა ასევე დარტყმები განახორციელა სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში. Reuters-ის ცნობით, თავს იერიში მიიტანეს დედაქალაქში მდებარე სასტუმრო Ramada Beirut Downtown-ზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დარტყმების სამიზნედ დაასახელა ლიბანის „ყუდსის“ ძალების, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბეირუთის ქვედანაყოფის, საკვანძო მნიშვნელობის მეთაურები.

კვირას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა.

ირანმა კვირას დარტყმები განახორციელა ქუვეითზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ბაჰრეინზე. ქუვეითში დრონის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა შენობას, ამ რომელიც სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო უწყებას ეკუთვნის. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“ დაიღუპა დაწესებულების ორი თანამშრომელი.

როგორც იტყობინებიან, ბაჰრეინში დაბომბეს წყლის გამამტკნარებელი დანადგარი. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ, განაცხადა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმამ დააზიანა კუნძულ ქეშმიზე მდებარე ირანული გამამტკნარებელი ქარხანა და დასძინა, რომ ამით „პრეცედენტი შექმნა აშშ-მა და არა ირანმა“.

აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყო. დარტყმების შედეგად დაიღუპა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და დაზიანდა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული ობიექტები.

ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ამერიკულ ბაზებსა და ვაშინგტონის მოკავშირეების ინფრასტრუქტურაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG