ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ დააწესოს სანქციები საქართველოს ყულევის პორტის წინააღმდეგ - წერილი

ფოტოკოლაჟი

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, წერილით აცნობა. ინფორმაცია წერილის შესახებ თავდაპირველად გაავრცელეს ქართულმა პროსახელისუფლებო მედიამ და რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმაც. მოგვიანებით წერილი რადიო თავისუფლებას საგარეო უწყებამ მიაწოდა. წერილი 5 მარტით თარიღდება.

ო'სალივანის წერილის მიხედვით, „პოზიცია გადაიხედა“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს რიგი ვალდებულებები. კერძოდ, ისინი გეგმავენ არ დაუშვან სანქცირებული გემების პორტში შესვლა ან მომსახურება.

"საქართველოში მდებარე ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას", - ნათქვამია წერილში.

რომლის მიხედვითაც, ვალდებულება აგრეთვე აიღო კომპანია SOCAR-მა, რომ იმოქმედებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის ზღვრული ფასის გათვალისწინებით რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული იმპორტის აკრძალვის დაცვით.

ასევე ნახეთ ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება


ყულევი ბოლო პერიოდში საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, ევროკავშირის შესაძლო სანქციების გამო რუსული ნავთობის “მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკისთვის“. თებერვლის ბოლოს, როდესაც ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტი, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ვერ შეათანხმა, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თქვა, რომ სანქციების ახალ პაკეტში ყულევის პორტის შეტანა მხოლოდ ეჭვებს არ ეფუძნებოდა და მტკიცებულებებიც ჰქონდათ.

მოგვიანებით თბილისმა განაცხადა, რომ ყულევთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდეს ევროკომისიას.

„ჩვენ მივაწოდეთ ევროკომისიას სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სანქციების რეჟიმი არ ირღვევა ყულევში. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში”, - უთხრა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 23 თებერვალს. მან განმარტა ასევე, რომ ყულევში შესული ნედლეული "გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე და სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“.

  • საქსტატის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში შემოტანილი ნავთობის 97% რუსეთზე მოდიოდა.
  • შარშან, იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან 60,4 მლნ დოლარის ღირებულების 133,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა.
  • იმპორტი დაახლოებით 13-ჯერ იყო გაზრდილი.

24 თებერვალს მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ინფორმაცია და მტკიცებულებები. "გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.


კიდევ რა წერია სალივანის წერილში

ო’სალივანი მიუთითებს მხარეებს შორის თანამშრომლობაზე და იმედს გამოთქვამს, რომ ოპერატიულ დონეზე კონსულტაციები „გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე" მივა.

"თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს საქართველოს პორტში შესვლის უფლება არ მიეცით. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე კომუნიკაცია გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს", - ნათქვამია წერილში.

ტანკერი TRUVOR-ი

სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, რუსული ტანკერი TRUVOR-ი (IMO 9676230) ყულევში 2025 წლის 19 დეკემბერს შევიდა, საზღვაო პლატფორმების მონაცემებით კი, მას რამდენიმე დღის განმავლობაში სიგნალი გათიშული ჰქონდა.

TRUVOR-ი ჯერ კიდევ 2019 წელს მოხვდა აშშ-ის „შავ სიაში“, სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის პრორუსული რეჟიმისთვის ნავთობის მიწოდების გამო. საქართველოს საზღვაო სააგენტომ „მონიტორს“ განუცხადა, რომ ტანკერი სანქცირებული არ იყო და ტრანზიტული ტვირთი, ნავთობი, სომხეთისთვის შემოიტანა.

ეს ვერსია უარყვეს ყულევის პორტის მფლობელ აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარში“ (SOCAR), სადაც განაცხადეს, რომ ნავთობი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ მიიღო.

2026 წლის 12 თებერვალს უკრაინამ ტანკერ TRUVOR-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. უკრაინულ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ნათქვამია, რომ გემი რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს რუსეთის შავი ზღვის პორტებიდან მესამე ქვეყნებში. „გემი 2025 წლის ნოემბერში უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების პორტებში, კერძოდ, ქერჩის პორტში შევა“.


სანქცირების მოთხოვნის მიზეზი

სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავდა სიას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილი იყო:

  • რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დამატებით 43 გემის სანქცირება;
  • რუსული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა;
  • რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა.

სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაში იყო გაყვანილი ყულევის პორტი.

კერძოდ, ყულევის პორტი დასახელებული იყო სიაში, რომელიც ეხება „რუსეთის გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.

სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასე იყო დასაბუთებული:

„[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

ყულევის პორტის ტერმინალი და ქარხანა

ყულევში ნავთობტერმინალი ათწლეულებია არსებობს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო კორპორაცია „სოკარი“ (SOCAR).

ყულევის ტერმინალი ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს.

მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ფლობს.

„სოკარმა“ 2026 წელს საქართველოში, ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოები დააანონსა.

კომპანიის ცნობით, მან 2025 წელს ტერმინალიდან 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობგაზისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქცია გადატვირთა.

ამასთან, 2025 წლიდან ყულევში ფუნქციონირება დაიწყო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ.

2025 წლის ოქტომბერში რუსული გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, გამოავლინა კავშირები ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელ ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ხელმძღვანელობას შორის.

ამ წყაროს თანახმად, ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ბიზნესპარტნიორები დაკავშირებული არიან რუსულ ნავთობისა და ლოგისტიკის კომპანიებთან, რომელთა შემოსავლები მილიარდებს აღწევს.

„პროექტის“ ცნობით, ასათიანის პარტნიორის ოჯახის წევრი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის მოადგილეა.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“.

ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში დაესწრო „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • 2025 წლის ოქტომბერში რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.
  • საუბარია კერძო კომპანია „რუსნეფტზე“ (Русснефть) და არა „როსნეფტზე“ (Роснефть), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.
  • 2025 წლის 16 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის Русснефт-ს.