თურქეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9 მარტს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან რაკეტის უკვე მეორედ შეჭრა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო თურქეთი მიმართავს საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს, კონსულტაციები აქვს ნატოსთან, ეროვნულ დონეზე მიღებულ ზომებთან ერთად ნატომაც გააძლიერა საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ამ ზომების ფარგლებში თურქეთმა მალათიაში განათავსა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სისტემა Patriot-ი.
ერთი დღით ადრე, 9 მარტს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან შეიჭრა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გააუვნებლეს ნატოს საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა და რაკეტის ნამსხვრევები გაზიანთეპის რაიონში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოცვივდა.
ირანის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში რაკეტის შესვლისა და მისი განეიტრალების შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 6 მარტსაც იუწყებოდა.
ასევე ნახეთ აზერბაიჯანი თავდასხმად აფასებს ნახიჩევანის აეროპორტის რაიონზე ირანის ტერიტორიიდან დრონებით შეტევასთურქეთის პრეზიდენტი 9 მარტს ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტს.
თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ერდოანმა ფეზეშქიანს განუცხადა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს, რეგიონის ქვეყნებზე დარტყმები არავის ინტერესებში არ არის და მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს. ირანმა თურქეთისკენ რაკეტების გაშვება უარყო.
- ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.