ლონდონში იმსჯელეს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების სამართლებრივ ჩარჩოზე

საილუსტრაციო ფოტო

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტულია რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" შეკავება, განადგურება და მოშლა, რითაც რუსეთის, ვლადიმირ პუტინის ომის მანქანას რესურსი მოაკლდება, რაც რუსეთს უკრაინაში ომის დასრულებას აიძულებს.

11 მარტს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ და გენერალურმა პროკურორმა რიჩარდ ჰერმერმა შეკრიბეს „გაერთიანებული საექსპედიციო კორპუსის“ (JEF) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომ ემსჯელათ რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტთან" გასამკლავებლად სამხედრო მოქმედების სამართლებრივ ჩარჩოზე. რუსეთი "ჩრდილოვან ფლოტს" იყენებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის დასაფინანსებლად.

JEF-ი აერთიანებს ათ ევროპულ სახელმწიფოს: დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნიდერლანდის სამეფოს, ნორვეგიას, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოს. ამ პარტნიორობის ამოცანაა სწრაფად რეაგირება კრიზისებზე უკიდურეს ჩრდილოეთში, ატლანტიკის ჩრდილოეთსა და ბალტიის ზღვის რეგიონებში. JEF-ი დაფუძნდა 2014 წელს დანიის, ბალტიის სამი სახელმწიფოს, ნიდერლანდის სამეფოს, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ. მომდევნო რამდენიმე წელიწადში ამ პარტნიორობას დანარჩენი სამი სახელმწიფოც შეუერთდა.

ასევე ნახეთ აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში დააკავა სანქციების სიაში შემავალი კიდევ ერთი ტანკერი

ოთხშაბათს ლონდონში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეკრება, რომელზეც JEF-ის წარმომადგენლებმა რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტთან" სამხედრო გზით გამკლავების საკითხებზე იმსჯელეს.

ლონდონი აცხადებს, რომ სურს გააძლიეროს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ მოქმედება.

თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ 11 მარტს განაცხადა:

„უკრაინის წინააღმდეგ პუტინის უკანონო ომის მეხუთე წლის დასაწყისია და ვაძლიერებთ ზეწოლას პუტინზე, მისი ომისთვის ფინანსების მოგუდვითა და "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების მიზანში ამოღებით".

დიდი ბრიტანეთის გენერალურ პროკურორ რიჩარდ ჰერმერის სიტყვებით, რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტი" წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს გაერთიანებული სამეფოსა და მისი კეთილდღეობისთვის:

"ჩვენი მთავრობა არ დაიღლება მისი დევნით, საერთაშორისო სამართლის სრული ძალით.

ამას მივაღწევთ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებთან თანამშრომლობით, რომელიც ეფუძნება ჩვენს მტკიცე ერთგულებას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი და მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას ბრიტანეთის შიდა უსაფრთხოებისა და საგარეო ასპარეზზე მისი ძლიერების უზრუნველსაყოფად".

ასევე ნახეთ აშშ-ის ახალი სანქციების პროექტი კრემლის ნავთობის შემოსავლების ჩასაკეტად

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 544 ტანკერს:

"რუსეთის ნავთობიდან შემოსავლები 2024 წლის ოქტომბრიდან დღემდე 27%-ით შემცირდა და ის ომის დაწყებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც აჩვენებს კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედების რეალურ ეფექტს კრემლის მიერ აგრესიის დაფინანსების შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა სასანქციო სიაში შეიყვანა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 600-ზე მეტი გემი. სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენლის თანახმად, "ახლო მომავალში დამტკიცდება", დაახლოებით 40 გემის დამატებაა დაგეგმილი.

ასევე ნახეთ „ტრანსნეფტი“, ათამდე ბანკი და სხვა - ბრიტანეთმა გააფართოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები