პრემიერმა ტუსკმა „რეალური“ უწოდა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მემარჯვენე-ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა დონალდ ტუსკმა თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა(Polexit) დღეს „რეალურ საფრთხეს“ წარმოადგენს.

დონალდ ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში დაადანაშაულა პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.

პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა 15 მარტს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა სურს როგორც „კონფედერაციას"(საპარლამენტო პარტია), ისე პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ უმრავლესობას და მათ ნავროცკი მფარველობს.

ტუსკის თანახმად, რუსეთს, ამერიკულ MAGA-ს(ტრამპის მხარდამჭერი პოლიტიკური მოძრაობა) და ევროპელ მემარჯვენეებს უნგრეთის პრემიერ ორბანის მეთაურობით, ევროკავშირის განადგურება სურთ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს პოლონეთისთვის „კატასტროფა“ იქნება, ამიტომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.

ასევე ნახეთ "ტრამპის მოკავშირე", “მაგარი კაცი” - რას ელიან პოლონეთის ახალი კონსერვატორი პრეზიდენტისგან

15 მარტს ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება, ვეტო დაადოს კანონპროექტს პოლონეთის არმიის გადაიარაღებისთვის ევროკავშირისგან კრედიტის მიღების შესახებ.

პოლონური მედიის ცნობით, დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა: „ვეტო კაროლ ნავროცკის“, „ვეტოს რუსული სუნი უდის“ და „შეწყდეს პარტიული თამაშები“.

  • პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ 12 მარტს ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამაში SAFE. ამ პროგრამით პოლონეთმა გადაიარაღებისთვის უნდა მიიღოს დაახლოებით 44 მილიარდი ევროს კრედიტი.

ეს პროგრამა იქცა დავის მთავარ საგნად პრემიერ-მინისტრ ტუსკის ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობასა და პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტ ნავროცკის შორის.

ნავროცკიმ განაცხადა, რომ კანონს ხელს არ მოაწერს, რადგან ეს ეხება პოლონეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ეკონომიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას. პოლონეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ რისკად ის დაასახელა, რომ პოლონელებს კრედიტზე ორჯერ მეტის დაბრუნება მოუწევთ.

ნავროცკის მიერ პარლამენტში წარდგენილია ალტერნატიული კანონპროექტი SAFE 0%, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ითვალისწინებს მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში არმიისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან დაახლოებით 46 მილიარდი ევროს მობილიზებას ცენტრალური ბანკის რეზერვების „პასუხისმგებლობიანი მართვის" შედეგად.

პრემიერ-მინისტრ ტუსკის მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნავროცკის წინადადება ვერ იმუშავებს და სასწრაფოდ საჭირო სამხედრო შესყიდვებს შეაფერხებს.

  • პოლონეთის მთავრობა გადაიარაღების აუცილებლობას უკავშირებს საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ასევე ნახეთ კაია კალასის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროკავშირის გახლეჩა სურს
  • პოლონეთი ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან.
  • ევროკავშირი წევრი სახელმწიფოებიდან დატოვებული აქვს დიდ ბრიტანეთს, 2020 წლის 31 იანვრიდან. მისი ევროკავშირიდან გასვლის პროცესი Brexit-ის სახელითაა ცნობილი.