ირანმა ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებს მისი ხელნაწერი ტექსტის გამოქვეყნებით უპასუხა

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი

ისრაელმა დღეს, 17 მარტს განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი. თეირანს ეს ცნობა არ დაუდასტურებია.

ალი ლარიჯანი ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

17 მარტს ჯერ ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, მათ შორის The Times of Israel-მა, CNN-მა და BBC-მ ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ ღამით ირანზე ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ალი ლარიჯანი იყო.

მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი მოკლულია.

ასევე ნახეთ ისრაელის არმიის ცნობით, თეირანში ლიკვიდირებულია „ბასიჯის“ მეთაური

ამ ცნობების ფონზე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ლარიჯანის ხელნაწერი ტექსტი, რომელიც ეხება ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაღუპული მეომრების დაკრძალვას და 17 მარტითაა დათარიღებული.

ტექსტი გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ X-ში ლარიჯანის ოფიციალურ გვერდზეც.

ასევე ნახეთ ირანის ხელისუფლებაში ახალი მნიშვნელოვანი ფიგურა იკვეთება - ვინ არის ალი ლარიჯანი?
  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების არაერთი მაღალჩინოსანი.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. ირანმა ფაქტობრივად, დაბლოკა ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი მარშრუტიც - ჰორმუზის სრუტე.