ვეტერანი პოლიტიკოსი, რომლის კარიერაც ისლამური რესპუბლიკის თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს, მცირე პაუზის შემდეგ შარშან კვლავ გამოჩნდა. განახლებული ძალით დაბრუნებული ლარიჯანი მას შემდეგ ირანში სულ უფრო და უფრო გავლენიანი პირი ხდება.
დაბრუნება
ლარიჯანის ბოლო პერიოდის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი იყო შარშან, 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომი ისრაელსა და აშშ-სთან.
წინა წელს მას პრეზიდენტად კენჭისყრა აუკრძალეს - მეორედ, სამი წლის განმავლობაში.
მაგრამ აგვისტოში, ამ კონფლიქტის შემდეგ, ლარიჯანი დაინიშნა გავლენიან თანამდებობაზე - ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე. ეს ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში.
"12-დღიანი ომის განმავლობაში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. ყველაზე საგულისხმო - როგორც ოფიციალური პირები მედიაში ამბობდნენ - იყო ირანის თავდაცვის უნარების არასწორი გათვლა", - უთხრა მაშინ ლონდონში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა, ბაბაკ დორბეიგიმ, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს.
"მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - რომელიც ყველა სხვას გადაფარავს - იყო იმის გააზრება, რომ ომის დროს უზენაეს ლიდერზე [აიათოლა ალი ხამენეიზე] დაყრდნობა შეუძლებელია", - დასძინა ექსპერტმა.
ხამენეი ახლა მკვდარია - იმ ფონზე, როცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ირანის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების სიმყიფე. და ამ პერიოდში ლარიჯანი გამოიკვეთა ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ხმად. ჯერჯერობით ეს არის შეურიგებელი ხმა - ლარიჯანიმ 2 მარტს გამოაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებას არ გეგმავს.
ამ განცხადების შემდეგ ლარიჯანიმ სოციალური მედიით გაავრცელა აგრესიული ტონალობის რამდენიმე პოსტი - მათ შორის მესიჯებით, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მიემართება ირონიულად. "ტრამპმა უღალატა [ლოზუნგს] "პირველ რიგში ამერიკა" და გაიზიარა [სლოგანი] პირველ რიგში ისრაელი", - წერს ლარიჯანი ინგლისურენოვან პოსტში, დიდი ასოებით.
მისი თქმით, 1 მარტს შედგა ახალი ხელმძღვანელობის დროებითი საბჭო, რომელიც ქვეყანას ხამენეის შემცვლელის დანიშვნამდე უხელმძღვანელებს. საბჭოში შედიან ალირეზა არაფი, მაღალი რანგის ვეტერანი ფიგურა კლერიკალურ ისტებლიშმენტში; პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, მკაცრი შეხედულებებით ცნობილი ღოლამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი.
ირანის კონსტიტუციით, ეს საბჭო ქვეყანას უხელმძღვანელებს მანამ, სანამ შეიკრიბება 88-წევრიანი ექსპერტთა საბჭო - სწავლულთა ორგანო, ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად.
"მოცემულ მომენტში ირანში არ იკვეთება სისტემური კოლაფსის მკაფიო ნიშნები. გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები ფუნქციონირებს. უსაფრთხოების ინსტიტუციები ერთად მუშაობენ", - ასეთ შეფასებას გამოთქვამს 3 მარტს დენი ციტრინოვიცი, ირანის საკითხების მკვლევარი თელ-ავივში მდებარე ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტში.
მოკლე ბიოგრაფია
ლარიჯანი 1958 წელს დაიბადა ერაყის ქალაქ ნაჯაფში, ირანელი სასულიერო პირების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ოჯახი ირანში გადავიდა საცხოვრებლად. ლარიჯანი 21 წლის იყო 1979 წლის ისლამური რევოლუციისას.
მან იმსახურა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურად, 1981-83 წლებში, 1994 წლიდან ათი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელი, 2005-დან 2007 წლებში იყო ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში, 2009-2020 წლებში კი პარლამენტის სპიკერად მსახურობდა. 2005-2007 წლებში ლარიჯანი მუშაობდა ამჟამინდელი ფუნქციით, უშიშროების საბჭოში.
მაღალ თანამდებობებზე მუშაობისას ლარიჯანიმ გაიმყარა საერთაშორისო რეპუტაცია - მათ შორის, როცა მხარი დაუჭირა 2015 წლის ბირთვულ ხელშეკრულებას აშშ-სთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებთან.
დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ხელშეკრულებას გამოეთიშა - მაგრამ ლარიჯანი დარჩა ხამენეის მთავარ მრჩევლად ბირთვულ საკითხებში.
ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელად ხელახლა არჩევის შემდეგ, ლარიჯანის ძალაუფლება და წონა კიდევ უფრო გაიზარდა.
იანვარში, ირანელი დემონსტრანტების წინააღმდეგ გატარებული სისხლიანი რეპრესიების შემდეგ ვაშინგტონმა ლარიჯანი სანქციების სიაში შეიყვანა.
"ლარიჯანი იყო ირანის ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელიც გამოვიდა ძალადობისკენ მოწოდებით, ირანელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების პასუხად", - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 15 იანვრის განცხადებაში.
უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, ირანის უშიშროების ძალებმა ათასობით ადამიანი დახოცეს - თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ მოკლულთა რეალური მონაცემი კიდევ უფრო მაღალია.
გასულ თვეში ლარიჯანი ომანში ჩავიდა, რათა მომზადებულიყო აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - ამ მოლაპარაკებებმა, საბოლოო ანგარიშით, ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ბოლო თვეებში იგი ხშირად სტუმრობს მოსკოვსაც - ლარიჯანი მუშაობს უშიშროების სფეროში კავშირებზე რუსეთთან. თუმცა ირანისთვის არც ამ კავშირებს არ მოუტანია დაცვა ამ ან წინა კონფლიქტში.
ამ პერიოდის განმავლობაში ლარიჯანი იძლიერებდა პრაგმატიკოსი პოლიტიკოსის რეპუტაციას - აცხადებდა, რომ ბირთვული საკითხი "გადაწყვეტას ექვემდებარებოდა" და მზაობას გამოთქვამდა მოლაპარაკებებისთვის.
თუმცა ახლა, ანალიტიკოსების შეფასებით, ამ რეპუტაციას ლარიჯანი უფრო მკაცრი ინტონაციით ანაცვლებს.
ფორუმი