უნგრეთმა კვლავ დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს გამოყოფა

ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) და რობერტ ფიცო. ბრატისლავა, 28 აპრილი, 2025.

ევროკავშირის ლიდერებმა 19 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოთავისუფლება ვერ შეძლეს. მისი გამოყოფა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ადრე იყო შეთანხმებული, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობების კიდევ ერთი ესკალაციის ფონზე, ბლოკავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

ბრიუსელის სამიტამდე ორბანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვეტოს მოხსნას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც აღდგება უკრაინის გავლით მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით რუსული ნავთობის უნგრეთისთვის მიწოდება.

ორბანის მოკავშირე, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც იზიარებს ამ პოზიციას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა. მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ორბანის პოზიცია მიუღებლად მიიჩნია და ასევე გააკრიტიკა ზელენსკი უნგრეთის ლიდერის წინააღმდეგ გაკეთებული რამდენიმე განცხადების გამო, რომლებმაც, მისი აზრით, კონფლიქტის ესკალაციას შეუწყო ხელი.

ევროპელი დიპლომატები, რომელთაც Reuters-ი იმოწმებს, ორბანის მკაცრ პოზიციას უკავშირებენ უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებს, რომელიც 12 აპრილს გაიმართება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამჟამად ოპოზიცია ლიდერობს. ორბანი და მისი მოკავშირეები უკრაინას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას ბრალს სდებენ, რომ ისინი შეთანხმებულად ცდილობენ არჩევნებში უნგრეთის ოპოზიციის დახმარებას.

ორბანმა და ფიცომ მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც 27-დან 25 ქვეყნის ლიდერმა დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელიც ევროპის საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია უკრაინისთვის საბიუჯეტო და სამხედრო რესურსების უზრუნველყოფის კრიტიკული მნიშვნელობა აგრესიისგან თავდაცვის გასაგრძელებლად.

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ევროკავშირი უკრაინას ვერ გადასცემს შეთანხმებულ 90 მილიარდ ევროს და ვერ მიიღებს რუსეთის მიმართ სანქციების ახალ, მე-20 პაკეტს, რომელსაც ასევე ბლოკავს უნგრეთი.

ექსპერტების შეფასებით, კიევს ევროკავშირის სახსრები დასჭირდება არაუგვიანეს მაისის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ბიუჯეტური სირთულეები ემუქრება. თუმცა, ამჟამად ევროკავშირი სკეპტიკურად უყურებს უნგრეთის შანსებს, შეცვალოს თავისი პოზიცია არჩევნებამდე. ევროკავშირის საბჭოს შემდეგი სხდომა, სავარაუდოდ, აპრილში, არჩევნების შემდეგ გაიმართება.

უნგრეთსა და სლოვაკეთში მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოდან არის შეჩერებული. კიევი აცხადებს, რომ დასავლეთ უკრაინაში მილსადენის მონაკვეთი რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი დარწმუნებულია, რომ მიწოდების შეფერხება პოლიტიკურად არის მოტივირებული და ის კიევს ადანაშაულებს ხანგრძლივი შეფერხების გამო.

სამშაბათს ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინა დათანხმდა ბრიუსელის წინადადებას, კიევს გაუწიოს ტექნიკური და ფინანსური დახმარება უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდების აღსადგენად. ბუდაპეშტი ამას პოლიტიკურ ხრიკს უწოდებს. უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო კრემლთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

ასევე ნახეთ უკრაინამ მიიღო მილსადენ „დრუჟბის“ აღსადგენად ევროკავშირის შეთავაზება - სამუშაოებს დრო დასჭირდება