გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქი ფილარეტი

პატრიარქი ფილარეტი

გარდაიცვალა პატრიარქი ფილარეტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (კიევის საპატრიარქო) და იბრძოდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.

პატრიარქი ფილარეტი 97 წლის იყო. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ(ПЦУ) დღეს, 20 მარტს გაავრცელა:

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და კიევის მიტროპოლია ღრმა მწუხარებით აცნობებენ სრულიად უკრაინულ სამწყსოს, რომ 2026 წლის 20 მარტს, ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგად, სიცოცხლის 98-ე, მონაზვნობის 77-ე და იერარქიული თანამდებობის 65-ე წელს, მისი უწმინდესობა პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მიტროპოლიტ ეპიფანეს სიტყვებით, პატრიარქ ფილარეტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე მთელი უკრაინის თანამედროვე ისტორიაში.

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში (ПЦУ) აცხადებენ, რომ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას პატრიარქ ფილარეტის დაკრძალვის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ „ღმერთი დავითისკენაა და არა გოლიათისკენ - უკრაინა დაამარცხებს რუსეთს!“ - პატრიარქი ფილარეტი

პატრიარქ ფილარეტის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობილი 9 მარტს გახდა. უკრაინის დამოუკიდებელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

პატრიარქი ფილარეტი (ერისკაცობაში მიხაილო დენისენკო) 1929 წლის 23 იანვარს დაიბადა.

1995 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას(კიევის საპატრიარქო).

ფილარეტმა უკრაინის ეკლესიისთვის ფართო ავტონომია მოიპოვა - დაარსდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და თავად გახდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი. თუმცა, ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში დარჩა.

1991 წელს, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია გაიხლიჩა. ფილარეტი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან სრულ დამოუკიდებლობას (ავტოკეფალიას) ემხრობოდა, მოსკოვთან ერთიანობის მომხრეებმა მიტროპოლიტოპიდან გადააყენეს. მან მხარდამჭერებთან ერთად დააარსა ახალი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო).

1995 წლიდან მას, როგორც პატრიარქი, ფილარეტი ხელძღვანელობდა. ეს ეკლესია კანონიკურად არ აღიარა მსოფლიოს არცერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მაგრამ უკრაინაში მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.

2013-14 ფილარეტმა მხარი დაუჭირა ევროინტეგრაციის დასაცავად კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მან საჯაროდ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება.

2018 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ. კიევის საპატრიარქო) არამედ ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას(ПЦУ), რომლის შემადგენლობაშიც შევიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც (კიევის საპატრიარქო).

ახალი ეკლესიის წინამძღვრად ეპიფანე აირჩიეს. ფილარეტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და განაცხადა, რომ УПЦ(კიევის საპატრიარქო) არსებობას გააგრძელებდა. იურიდიულად ეს საეკლესიო სტრუქტურა ლიკვიდირებულად გამოცხადდა.

2018 წლის დეკემბერში უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ПЦУ) ფილარეტი თავის საპატიო პატრიარქად გამოაცხადა.