წუხელ გავრცელებულ წერილში მთავარეპისკოპოსი ზენონი მიმართავს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს და სწერს: „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და ღრმა მწუხარება“.
„ამასთანავე, გულითადად გმადლობთ თქვენი უნეტარესობის მიერ გამოხატული თანაგრძნობისათვის, ნეტარხსენებული უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილიას გარდაცვალების გამო, რაც ჩვენთვის დიდ ნუგეშად იქცა ამ მძიმე დღეებში“, - წერს სასულიერი პირი.
„უწმიდესი პატრიარქი ფილარეტი, ისევე როგორც უწმიდესი პატრიარქი ილია, განსაკუთრებული და ეპოქალური მოღვაწენი იყვნენ უკრაინისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში“, - ვკითხულობთ წერილში.
პატრიარქი ფილარეტი 2026 წლის 20 მარტს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (კიევის საპატრიარქოს) და იბრძოდა მოსკოვის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.
ასევე ნახეთ საბჭოთა პატრიარქიდან მეამბოხემდე - შტრიხები ფილარეტის პორტრეტისთვისმცირე ხნით ადრე, 17 მარტს, აღსაყდრებიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
ეპიფანეს სამძიმარი და თბილისი-კიევის ურთიერთობები
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი ერთ-ერთმა პირველმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.
- „ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია. ილია მეორეს პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის“, - წერდა იგი.
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ უღიარებია უკრაინის ავტოკეფალია.
- მიტროპოლიტი ეპიფანე 2021 წელს აცხადებდა: „როგორც გვესმის და ვიცით, საქართველოში არის რუსეთის ფედერაციის გავლენა, ქართული ეკლესიის შანტაჟი – თუ ისინი აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მათ საბოლოოდ წაართმევენ აფხაზეთს – ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიას. ამის გამოა ასეთი მერყეობა“.
ვინ არის ზენონ იარაჯული
- ზენონ იარაჯული, რომელიც ამჟამად 54 წლის, 2003 წელს გახდა ეპისკოპოსი, 2011 წელს კი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს.
- იგი 2009-22 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიასაც ხელმძღვანელობდა.
- მთავარეპისკოპოსისა და საპატრიარქოს ურთიერთობა რთულია - 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან კრებსების“ გამოჟონვის შემდეგ იარაჯულმა განაცხადა, რომ სანამ დამნაშავე არ დაისჯებოდა, ქვეყანაში არ ჩამოვიდოდა;
- ზენონი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი იყო, 2022 წლის ოქტომბერში ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა 18 ნოემბერს იგი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან მოხსნეს, თუმცა შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია.
- მთავარეპისკოპოსი ზენონს ხშირად საჯაროდ დაუკავებია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პოზიციები. მათ შორის, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას. „თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის ... თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს“, - წერდა ის.
- ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, 18 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერში მთავარეპისკოპოსმა განაცხადა: მინდა მივმართო ხელისუფლებას და მოვუწოდო, რომ არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავს უფლება და ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არც პირდაპირ და არც ირიბად.
- მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთი გადაწყვეტილებით“.