The New York Times: ისრაელმა დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე დაარწმუნა აშშ, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო

სარაკეტო იერიშის შედეგები თეირანში. 16 მარტი, 2026.

ისრაელმა დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო, ეყრდნობოდა რა ქვეყანაში შესაძლო მასობრივი აჯანყების შესახებ დაზვერვის შეფასებებს. ამის შესახებ The New York Times იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, „მოსადის“ დირექტორმა, დავიდ ბარნეამ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელის დაზვერვა საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღეში შეძლებდა ირანის ოპოზიციის მობილიზებას საპროტესტო აქციებისთვის.

ეს გეგმა ამერიკულ მხარესაც წარუდგინეს ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

როგორც The New York Times აღნიშნავს, როგორც ნეთანიაჰუ, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურ სცენარს ემხრობოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ირანის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციას და სადაზვერვო ოპერაციების სერიას შეუძლია მასობრივი აჯანყების გამოწვევა და ომის სწრაფად დასრულება.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ისა და ისრაელის შიგნით „მოსადის“ სცენარს სკეპტიციზმით შეხვდნენ. აშშ-ის სამხედრო ჩინოვნიკებმა გააფრთხილეს ტრამპი, რომ ირანელები არ გამოვლენ ქუჩებში აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების ფონზე.

შედეგად, მასშტაბური აჯანყების შესახებ ვარაუდი, The New York Times-ის შეფასებით, სამხედრო ოპერაციისთვის მომზადების ერთ-ერთ მთავარ შეცდომად იქცა.

28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად დაიწყო ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია. დარტყმების შედეგად მოკლულ იქნა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და დაზიანდა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული ობიექტები. ირანმა საპასუხოდ დარტყმებს ახორციელებს ამერიკულ ბაზებსა და სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ინფრასტრუქტურაზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიიჩნევს, რომ ისპაანში მიწის ქვეშ მდებარეობს მაღალგამდიდრებული ურანის საცავი. ამის შესახებ ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში. ურანის გამოყენება შესაძლებელია ბირთვული რეაქტორების საწვავად ან შემდგომი დამუშავების შემთხვევაში - ბირთვული იარაღის შესაქმნელად. თეირანი უარყოფს ასეთ იარაღზე მუშაობას.

ასევე ნახეთ ტრამპმა პენტაგონს დაავალა ხუთი დღის განმავლობაში არ დაარტყას ირანის ენერგოობიექტებს