ტრამპის თქმით, ირანში მიმდინარეობს "რეჟიმის ცვლილება"

დონალდ ტრამპი. პალმ-ბიჩი, 23 მარტი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ორი მხარე „მნიშვნელოვან საკითხებში თანხმდება“. ტრამპის თქმით, ომის დასასრულებლად შესაძლოა მალე იქნეს მიღწეული შეთანხმება.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლო პრეზიდენტის წარგზავნილი აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, კვირას შეხვდნენ ირანის მხარეს და მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება.

„ძალიან, ძალიან ძლიერი მოლაპარაკებები გვქონდა. ვნახოთ, საით წაგვიყვანს ის. ვთანხმდებით საკითხებში, მნიშვნელოვან საკითხებში, მე ვიტყოდი, შეთანხმების ყველა საკითხში... ძალიან ძლიერი მოლაპარაკეები გვქონდა, ბატონი უიტკოფი და ბატონი კუშნერი ატარებდნენ მას,“ თქვა ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანში მიმდინარეობს „რეჟიმის ცვლილება“. ამავე დროს მან თქვა, რომ თუ ირანის წარმომადგენლებთან შეერთებული შტატების მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ ამერიკა განაახლებს ირანის დაბომბვას.

თავის გამოსვლაში ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან, მოჯთაბა ხამენეისთან, არამედ პირებთან, რომლებსაც მან „ძალიან გონიერი“ ადამიანები უწოდა. ამავე დროს მან თქვა, რომ უკვე ირანის იმდენი მაღალი რანგის ლიდერი იქნა მოკლული, რომ „ავტომატურად ხდება რეჟიმის ცვლა“.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ამერიკის მხარეს საქმე აქვს კაცთან, რომელსაც დიდ პატივს სცემენ.

როგორც Reuters-ი იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით, შეერთებულ შტატებთან არ მიმდინარეობს რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი კომუნიკაცია.

ასევე ორშაბათს, ოდნავ ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ თავს შეიკავებს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკის ობიექტების დაბომბვისგან. ამ განცხადებას მსოფლიო ბაზრების სწრაფი რეაქცია მოჰყვა: Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, ასევე დაეცა დოლარი, საფონდო ბირჟების კურსები გაიზარდა.

ასევე ნახეთ ტრამპმა პენტაგონს დაავალა ხუთი დღის განმავლობაში არ დაარტყას ირანის ენერგოობიექტებს