უკრაინაზე რუსეთის მასირებულმა დარტყმამ ზიანი მიაყენა მოლდოვის ენერგოსისტემასაც

ფოტო არქივიდან. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომელთა მეშვეობით მოლდოვის ვულკანეშტის რაიონიდან ელექტროენერგიას იღებს ქვეყნის დედაქალაქი კიშინიოვი

უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად, 24 მარტს დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც უკრაინის გავლით ერთმანეთთან აკავშირებს რუმინეთის ისაკჩისა და მოლდოვის ვულკანეშტის რაიონებში მდებარე სადგურებს.

რუმინეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მოლდოვის ვულკანეშტის რაიონიდან მიეწოდება მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე მდებარე სადგურს და შემდეგ დედაქალაქ კიშინიოვს.

რუმინეთიდან უკრაინის გავლით მოლდოვაში ელექტროენერგიის იმპორტისთვის საჭირო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების შემდეგ მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება დაიწყეს და მოსახლეობას ელექტროენერგიის რაციონალურად მოხმარებისკენ მოუწოდა.

ენერგოსისტემაში შექმნილ არასტაბილურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის დარტყმები ომის დანაშაულია.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული შეტევისთვის 400-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა - უკრაინის საჰაერო ძალები

24 მარტს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ათზე მეტ რეგიონში დაზიანებულია სახლები, სამრეწველო ობიექტები და ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დაიღუპა სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე და 20-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი დარტყმით გამოწვეული დაზიანებების გამო ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდათ ზაპოროჟიეს, პოლტავის, ხარკოვის, სუმის, ოდესის და ხერსონის ოლქების მომხმარებლებს, დანარჩენ რეგიონებში კი ისევ საათობრივი გათიშვის გრაფიკი მოქმედებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსისა და საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“, დრონების „აწყობისა და გაშვების ადგილებს" და „უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისა და უცხოელი დაქირავებულების დისლოკაციის პუნქტებს 147 რაიონში".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაზიანებაზე.