ეს მონაცემები 24 მარტს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.
საჰაერო ძალების სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის დადასტურებული იყო 25 რუსული რაკეტის, მათ შორის 23-ვე ფრთოსნის და 365 დრონის მოგერიება და 6 რაკეტითა და 27 დრონით პირდაპირი დარტყმა 22 ადგილზე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად ათზე მეტ რეგიონში დაზიანებულია სახლები, სამრეწველო ობიექტები და ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
24 მარტის დილის ოფიციალური მონაცემებით, პოლტავაში ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ზაპოროჟიეში დაღუპულია ერთი და დაშავებულია 9. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ხარკოვის ოლქში.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად და შესაძლო ინციდენტებზე რეაგირებისთვის, განსაკუთრებით უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში, პოლონეთის და ნატოელი მოკავშირეების ორი გამანადგურებელი და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები გაგზავნა და მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 მარტს დილით განაცხადა, რომ უკრაინაში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსისა და საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“, დრონების „აწყობისა და გაშვების ადგილებს" და „უკრაინული შეიარაღებული ფორმირებებისა და უცხოელი დაქირავებულების დისლოკაციის პუნქტებს 147 რაიონში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაზიანებაზე.
ფორუმი