ოკუპირებული დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირის იმპორტი იგეგმება? ცნობილია საქმეში ჩართული ქართული კომპანია

ამირან სურმანიძე და ვალერიანე ქოჩიაშვილი ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრაზე - ფოტოკოლაჟის ფონზე ქვანახშირით დატვირთული ვაგონები ჩანს.

მოკლედ

  • 19 მარტს რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოებში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქვანახშირისა და ლითონის ექსპორტის შესახებ.
  • დონეცკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ჩერტკოვმა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრისას თქვა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ქართულ კომპანია “George Oil Limited”-თან, რომელიც რუსული სააგენტოების მტკიცებით, "საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”
“მე ახლა მაგათ წერილებიც მივწერე, თუ გინდათ დროზე გაინძერით, მე თურქები მყავს კლიენტები და ინდოელები და თუ იმათ სხვა ნახეს, აღარც თქვენი ნახშირი მინდა და არც არაფერი-მეთქი. ახლა მაგათზეა დამოკიდებული”, - ამბობს კომპანია "ჯორჯ ოილის" ქართველი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში.

ახლა კონკრეტული წინადადებების შემუშავების ეტაპია - საუბარია პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში მუდმივად გაიყიდება და ე.წ. დნრ-ს ეკონომიკურ პოზიციას გააძლიერებს - ამბობს დონეცკის დე ფაქტო მმართველი.

“ეს მხოლოდ დასაწყისია ორ რესპუბლიკას შორის ახალი სავაჭრო ურთიერთობებისა”, - წერენ რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოები და ქართულ კომპანიას ენერგორესურსებით გამოცდილ მოვაჭრედ და ადგილობრივი ბაზრის დიდ მოთამაშედ წარმოაჩენენ.

„ჯორჯ ოილ ლიმიტედი“ ქართული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია საერთაშორისო ვაჭრობაში, მათ შორის ენერგეტიკაში (არ აგვერიოს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, რომელიც გაზის მოძიებითა და ტრანსპორტირებით არის დაკავებული). 2025 წლის აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე კომპანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს მრეწველებისა და მეწარმეების საერთაშორისო კონგრესთან, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ მიწოდებას რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კომპანიებთან.”

“კომპანია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და რეგულარულად იგებს ტენდერებს სამთავრობო უწყებებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.”

“მოთამაშე არა ის, ანგარიშებზე არაფერი არ მაქვს. მოთამაშე ვიქნები, თუ რამე მომცეს კაი ფასში, რომ ვითამაშო - საერთოდ როგორ არის იცი, რამე ფირმას რო გახსნი, გონიათ აშენდაო. მოძრაობა თუ არ იქნა, დღეში გავხსნი 2 000 ფირმას, მარა რა მერე?“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერიანე ქოჩიაშვილი, იმ ქართული კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველთან გააფორმა ხელშეკრულება.

ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2025 წლის მაისში მოექცა, როცა ბათუმში მყოფ გერმანიის ელჩს და მის ცოლს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მერე კი ვიდეო ჩაწერა, სადაც პიტერ ფიშერს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ასევე ნახეთ „41-ის კანტორის ხალხმა გადაიხადეთ ეს ფული“ - გერმანიის ელჩის შეურაცხყოფისთვის ვალერი ქოჩიაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს

ვალერიანე ქოჩიაშვილი "ჯორჯ ოილის" სახელით ორ კომპანიას ფლობს - 2015 წელს რეგისტრირებულ "ჯორჯ ოილს" და ორი დღის წინ, 2026 წლის 24 მარტს დარეგისტრირებულ "ჯორჯ ოილი პლიუსს". პირველ კომპანიაში ქოჩიაშვილი 50%-იან წილს ფლობს, მეორეში 100%-იანს. ქოჩიაშვილთან ერთად დონეცკში იმყოფებოდა ამირან სურმანიძეც. ამირან სურმანიძე არსად ჩანს იმ ათამდე კომპანიაში, რომლებსაც ქოჩიაშვილი მართავს, ან მასთან დაკავშირებულ ბიზნესებში.

“უნდა დავამყაროთ კავშირები რაც შეიძლება სწრაფად და დროზე, რომ დამთავრდეს ეს "ვაკხანალაია". იქ არის ქვანახშირი, უკრაინელებს წაართვეს რუსებმა ქვანახშირი და მე მინდა რუსეთთან დავამყარო კავშირი, ჩვენი მეზობლები არიან მაინც და მაგათთან თუ არ დამყარდა კავშირი, არაფერი არ გვეშველება ჩვენ. ჯერ ერთი ხელშეკრულება გავაფორმეთ და მერე ვნახოთ, ხორბალიც აქვთ მაგათ, მზესუმზირაც, ჩვენებს აქ რომ არაფერი არ გვაქვს, მარილზეც ვუთხარი, ყველაზე კაი მარილი მაგათ აქვთ, ჩვენებს სულ მანდედან დაქონდათ, ახლა ვეღარ შემოდის და ვუთხარი, მარილიც მომეცით-მეთქი. ეკოლოგიურად ყველაზე კაი მარილი სოლიდარის არის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში ვალერიანე ქოჩიაშვილმა.

მისი თქმით, თავად იყო დაინტერესებული "დონეცკის რესპუბლიკასთან" ბიზნესურთიერთობის დამყარებით და ეს საკმაოდ მარტივად მოახერხა, სულ რამდენიმედღიანი ვიზიტი და რამდენიმე დღე დასჭირდა ხელშეკრულების გაფორმებას. როგორც ის ამბობს, ჯერ მკაფიო თარიღები, როდის დაიწყებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან ნედლეულით ვაჭრობას, განსაზღვრული არ არის - მას იმედი აქვს, აპრილის ბოლოს პროცესი უკვე დაიწყება.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა სანქციების შიში თავისი ახლად წამოწყებული ბიზნესურთიერთობების გამო, ამბობს, რომ სანქციების ოლიგარქებს უნდა ეშინოდეთ, მას კი “ჯერ არაფერი დაუწყია”.

ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასიდან ქვანახშირი სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გატანისას რუსულ პროდუქტად ფორმდება და მისი ათვისების ბაზრებს ძირითადად ჩინეთი (40%), ინდოეთი (19%) და თურქეთი (11%) წარმოადგენენ.

როგორც ქვანახშირი, ისე მეტალები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ექსპორტზე გასვლისას ჯერ რუსეთში გადის რკინიგზით, შემდეგ დოკუმენტებში რუსულ ნედლეულად ფორმდება და რუსეთიდან უკვე საზღვაო გზით გადის პორტებიდან დანიშნულების ადგილებში. ამ პროცესს ძირითადად რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება მართავს სანქციების გვერდის ავლისთვის შემუშავებული სქემების გამოყენებით - მაგალითად, გამოძიებებით დადგენილია, რომ თურქეთში რუსული ქვანახშირით ვაჭრობაში ჩართული იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის როსტოვში რეგისტრირებული კომპანია "ენერგორესურსი" - ამ გზით 2023-2024 წლებში რუსეთიდან 500 000 ტონაზე მეტი ქვანახშირი გაიყიდა.

ვალერიანე ქოჩიაშვილის ტიკ-ტოკ არხზე მარტის თვეში განთავსებული ვიდეოკონტენტის ანალიზი აჩვენებს, რომ ის ამ დროს არა მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ როსტოვსაც სტუმრობდა.

ასევე ნახეთ წამება, სექსუალიზებული ძალადობა, დეპორტაციები, მობილიზაცია. გაეროს ანგარიში უკრაინაში ომის შესახებ